საინტერესო სტატიები

აზარტის ჭაობი

გულის სიღრმეში უკვე ბევრს უფიქრია რომ შეტოპა… მაგრამ უკან დასაბრუნებელ გზას ვერ ხედავენ. ერთმანეთში გადახლართული ვალებისა და ტყუილების ლიანები, სულ უფრო მეტად ბოჭავენ მოთამაშეეებს და აზარტის ჭაობში სულ უფრო ღრმად მიათრევენ.

მათ უნდა იცოდნენ რომ შეუძლიათ ამ ჭაობიდან ამოსვლა! მათ  აქვთ ამის ძალა,  უბრალოდ ამ ენერგიისთვის სწორი კალაპოტის მიცემაა საჭირო. რატომ ვფიქრობ ასე?  

ყოველ დღე მიწევს ტოტალიზატორის და კაზინოს გვერდით ჩავლა და ყოველ ჯერზე ვაწყდები დაძაბულ, მაგრამ საქმიან სახეებს,  რომლებიც ხან ერთმანეთს უხსნიან საკუთარ მდგომარეობას და ხან სატელეფონო ზარებით ცდილობენ გამოძვრნენ გართულებული სიტუაციიდან. ვიღაცას არწმუნებენ, ვიღაცას სთხოვენ, ვიღაცას ეხვეწებიან, ვიღაცას ავალებენ.  უზარმაზარ ენერგიას და ძალისხმევას ხარჯავენ რთული სიტუაციიდან თავის დასაძვრენად.

სიტუაციები კი ხშირად რთულდება…

ასეთ დროს ადამიანები ნაკლებად აცნობიერებენ, რომ მათი მთავარი პრობლემა რომელიმე ცალკეული ვალი და ტყუილი კი არა, არამედ თამაშზე დამოკიდებულებაა.  მშვიდი ცხოვრების დასაბრუნებლად ის ენერგია, ძალისხმევა, მონდომება, რომელსაც ერთეული პრობლემებიდან თავის დასახსნელად  ხარჯავენ უნდა გააერთიანონ და რეალურ პრობლემას- საკუთარ დამოკიდებულებას ებრძოლონ.

პრობლემური მოთამაშეების გარშემომყოფ ადამიანებმაც უნდა გააცნობიერონ, რომ როგორც წესი, მათთვის ფულის სესხება და/ან მათ მაგივრად ვალების გადახდა დათვური სამსახურია. თუ მართლა უნდათ ახლობლის დახმარება, მას რეალური პრობლემის გააზრებაში და ამ პრობლემის დაძლევისთვის საჭირო ძალის მოკრებაში უნდა დაუჭირონ მხარი.

პ.ს თუკი თქვენ ან თქვენს ახლობელს აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ ნათეთ ჩვენი ბლოგის ბლოკები “აზარტული მოთამაშეებისთვის” და  “პრობლემურ მოთამაშეთა ოჯახებისთვის”

 

საინტერესო სტატიები

რას გვიყვებიან ქუჩები

ვერ დავიკვეხნი, დიდი მოგზაური ვარ, ან ბევრ ქალაქში ვყოფილვარ-მეთქი, მაგრამ სადაც ვიყავი, ერთი  უცნაურ რამ აღმოვაჩინე: ქუჩები გელაპარაკებიან.

დიახ, დიახ, მთელი ქალაქი გელაპარაკება, თავისი ქუჩებით.

როგორ? ოდნავ სხვადასხვანაირად, მაგრამ წარწერებით.

აი, მაგალითად, ლონდონი საოცრად მზრუნველი იყო, ყოველი ფეხის ნაბიჯზე მაფრთხილებდა, მარჯვნივ გაიხედე, მარცხივ გაიხედე, გთხოვ, ფრთილად გადადგი ნაბიჯი, mind the gap, მასწავლიდა გზას, ეს ქუჩა აქეთ არის, ახლა აქ ხარ…

ათენში ქუჩები ნაკლებად ოფიციალური იყვნენ საუბრისას, კედლებზე ხელით მიწერილი ამბებით და ზოგჯერ ნახატებითაც მესაუბრებოდნენ, მიყვებოდნენ ფინანსური კრიზისების, სოციალური პროტესტების, პოლიტიკური ამბების შესახებ.

თესალონიკიც კედლებზე ხელით ნაწერი ამბებით დამხვდა, ოღონდ აქ რომანტიკაც იყო, ისტორიაც, ჭრელ-ჭრელი ამბები.

ჩემს ქალაქში კი ქუჩები ბილბორდებით და რეკლამებით მელაპარაკებიან.

ერთ ჩვეულებრივ, რუტინულ, ყოველდღიურ გზაზე ქუჩები მეუბნებიან: “შენ გახდები მილიონერი”, რამდენიმე ნაბიჯის იქით ლატარეის ჯიხური მომძახის “დაუჯერე ნიშნებს, მოგება შეუძლია ყველას”, კიდევ რამდენიმე ნაბიჯი და ბანკის რეკლამა, “სწრაფი ფული”, “ფული გჭირდება?”, “აიღე სესხი ორ წუთში”, კიდევ რამდენიმე ნაბიჯი და ჩასარიცხი აპარატი…  თითქოს სპეციალურად მხოლოდ ერთადერთი მიზნით ამოზრდილა მიწიდან, მთელ სიგრძე-სიგანეზე რომელიღაც ბეთის სახელით დამშვენებული,  მეძახის, მოდი, აქ ჩარიცხე…

მე რომ  ცრუმორწმუნე ვიყო და “ნიშნებს დავუჯერო”, ან ადიქციის მქონე პრობლემური მოთამაშე, რომელსაც უკვე მაქვს ფინანსური პრობლემები და თამაშზე თავის დანებებას ვცდილობ, საით წამიყვანს ეს გზა? საით მიბიძგებენ ალაპარაკებული ქუჩები?

და თუ მხოლოდ ქუჩებში კი არ ვაწყდები ამ ყველაფერს, არამედ ყველგან? ტელევიზორში, კომპიუტერში, საკუთარ ტელეფონში?

და თუ   ბავშვი ვარ, და ჯერ კიდევ კარგად ვერ გამიგია, რა არის სწორი და არასწორი, სად არსებობს საფრთხე და სად არა, და მთელი ქალაქი “სათამაშოდ” მეძახის, საფრთხის შესახებ კი სიტყვასაც არ მეუბნება, ხომ შეიძლება ეს ქუჩები ხაფანგისკენ მიმავალ ბილიკებად მექცეს?

უდიდესი მნიშვნელობა აქვს კონტექსტებს. ჩემს ქალაქში კი ქუჩების შეტყობინებები, რეკლამები, სახიფათო კონტექსტში ებმება ერთმანეთს და ერთ დიდ გზავნილს ემსგავსება, რომელშიც არაა გათვალისწინებული არასრულწლოვნების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების ინტერესები. თუმცა კი რეკლამის თითოეული შემქმნელის მორალური და სოციალური პასუხისმგებლობა იყო, რომ გაეთვალისწინებინათ.

თუმცა ცვლილებები თავისით არ მოდის,  ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი ქალაქის ქუჩების ლექსიკონი.

ჩვენ შეგვიძლია ვითხოვოთ (ან მოვითხოვოთ), რომ აზარტული თამაშების რეკლამები სიფრთხილით და პასუხისმგებლობით შეიქმნას და გავრცელდეს.

შენ შეგიძლია შემოგვიერთდე და შეიტანო საკუთარი წვლილი.

პეტიციის გასაცნობად და ხელმოსაწერად მიჰყევი ბმულს პეტიცია

არ მინდა, რომ ჩემი ქალაქის ქუჩები ასე იმეტებდნენ ადამიანებს.

 

საინტერესო სტატიები

ფრთხილად! რეკლამაა!

ეს პოსტი ეხებათ მათ, ვისაც აქვთ ტელევიზორი, კომპიუტერი, სმარტფონი და ყველას ვინც კითხვა იცის. ანუ თქვენც.

თუკი ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ ტექნიკას მაინც ფლობთ, ე.ი აზარტული თამაშების რეკლამა აუცილებლად გექნებათ ნანახი, მოსმენილი თუ წაკითხული.

გვესმის აზარტულ თამაშები და თითქოს საგანგაშო არაფერია,  ბოლოს და ბოლოს თამაშს გვთავაზობენ, სხვა ხომ არაფერი.

სინამდვილეში კი საქმე არც ისე მარტივადაა.  აზარტული თამაშები, ისევე როგორც თამბაქო, ალკოჰოლი და ნარკოტიკული ნივთიერებები დამოკიდებულებას იწვევს.   დამოკიდებულების დროს  კი ადამიანები  უარყოფითი შედეგების მიუხედავად მაინც განაგრძობენ პრობლემურ ქმედებას.

პრობლემურ აზარტულ მოთამაშედ მიიჩნევა ის ვინც გრძნობს, რომ თამაშის შესახებ უნდა დამალოს, ვერ აკონტროლებს თავს, მაშინაც თამაშობს როდესაც ფული არ აქვს და  ოჯახი თუ მეგობრები მისი თამაშის გამო შეშფოთებულები არიან.

აზარტულ მოთამაშეებს  ცრურწმენები ახასიათებთ, მოგებას საკუთარ უნარებს, ხოლო წაგებას “ცუდ პალასას” ან გნებავთ უიღბლობას აბრალებენ. მოგება აგულიანებთ, ფიქრობენ რომ ეს მათი დამსახურებაა და ისევ გაუმართლებთ. წაგება ანერვიულებთ და ყველაფერს შემთხვევითობას აბრალებენ. ასეთ დროს,  წაგებული თანხის დევნას იწყებენ. წაგებული თანხის დაბრუნების სურვილი  სულ უფრო დიდ რისკზე წასვლისკენ უბიძგებთ და, რა თქმა უნდა, ყველაფერი ისევ წაგებით სრულდება…

სამწუხაროდ, აზარტული თამაშები პირდაპირ ან ირიბად უფრო და უფრო მეტ ადამიანს ეხება. ინგრევა ოჯახები, ფუჭდება ურთიერთობები, იკარგება ნდობა. თუმცა მიუხედავად ყველაფრისა აზარტულმა თამაშებმა საზოგადოებაში მაინც ვერ დაიმკვიდრა “ზიანის მომტანის” სტატუსი. ამაში კი დიდი წვლილი რეკლამას მიუძღვის.  აზარტული თამაშების შემთხვევაში მისმა ხშირმა რეკლამირებამ მოახერხა ის, რომ საზოგადოების ნაწილში აზარტული თამაშები მისაღებ, უსაფრთო და გართობის ნორმალურ საშუალებად მიიჩნევა.

აქ შეიძლება ვინმე შემეკამათოს, და თქვას რომ სულაც არ მიიჩნევს აზარტულ თამაშებს გართობის ნორმალურ საშუალებად.  მაშინ მარტივ მაგალითს მოვიყვან.  საზოგადოება შეთანხმდა, რომ  ალკოჰოლის და თამბაქოს უარყოფითი ზეგავლენის გამო, საჭიროა მათი რეკლამირების შეზღუდვა. ნარკოტიკული ნივთიერებების შემთხვევაში კი საერთოდ აკრძალულია მათი რაიმე ფორმით პოპულარიზაცია.  ამის ფონზე კი აზარტული თამაშების რეკლამა ყველა მხრიდან “გვიტევს”.  რეკლამის შესახებ კანონში, წერია რომ  ალკოჰოლის და თამბაქოს რეკლამა არ უნდა ქმნიდეს შთაბეჭდილებას, რომ მათი გამოყენება ხელს უწყობს ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, საზოგადოებრივ თუ სპორტულ სარბიელზე წარმატების მიღწევას. რა ხდება ამ მხრივ აზარტული თამაშების რეკლამირებისას? არამარტო არეკლამებენ, არამედ  მოთამაშის ყველა ცრურწმენას ეხებიან და  აზარტულ  თამაშებს წარმატების მიღწევის შესაძლებლობად ასაღებენ. გთავაზობთ ქართულ ტელე და ინტერნეტ სივრცეში, აზარტული თამაშების რეკლამების სლოგანებს:

„მართე იღბალი“

“დაიწყე მოგება”

„ყველა ჩართულია“

„შენ ხარ მომავალი ლეგენდა“

„მეორე შანსი”

„გასინჯე დიდი გამარჯვების გემო“

„იზეიმე გამარჯვება”

“დაიბრუნე თანხა”

„გახდი ბეთმენი!“

ეს და კიდევ სხვა უმარავი მოწოდება ადამიანს თამაშისკენ უბიძგებს, ხოლო მათ ვინ უკვე აზარტის ტყვეობაშია კიდევ უფრო ითრევს და ამ ტყვეობიდან თავის დაღწევის შანსს ფაქტობრივად არ უტოვებს. რეკლამები კი ყველგანაა, ქუჩაში, სახლში, ტრანსპორტში, საკუთარ მობილურში, საიტებზე რომლებსაც ხშირად ვსტუმრობთ.

რაც მეტს ვილაპარაკებთ აზარტული თამაშებისგან გამოწვეულ საფრთხეებზე იქნებ უფრო ნაკლები ადამიანი აღმოჩნდეს ამ საფრთხის წინაშე.

მაგრამ მანამდე თუკი ჯერ კიდევ კითხულობ ამ პოსტს გთხოვ, ნუ  მოექცევი რეკლამების ზეგავლენის ქვეშ, იცოდე რომ აზარტულ თამაშებს წარმატებასთან თუ მოგებასთან საერთო არაფერი აქვს.

ნუ გახდები ბეთმენი!