გზაზე ერთი ქალი მოდიოდა, ნამდვილი ამბები, პროექტები

ემი ნეთერი – მათემატიკის გენიოსი

2006 წელს გამოცემულ ქართულ უნივერსალურ ენციკლოპედიურ ლექსიკონში ემი ნეთერის შესახებ მხოლოდ ორი სიტყვა წერია: გერმანელი მათემატიკოსი.

თუმცა მისი ღვაწლისა და მეცნიერებაში შეტანილი წვლილის შესახებ ვრცელი ტომების დაწერა შეიძლება.

Schiffsbild (1)
photo credit: Ars Technica

ემი ნეთერი იყო ადამიანი, რომელსაც ალბერტ აინშტაინი “ყველაზე მნიშვნელოვან შემოქმედებით მათემატიკურ გენიოსს” უწოდებდა.

“ალგებრის სამყაროში, სადაც საუკუნეების მანძილზე უნიჭიერესი მათემატიკოსები მოღვაწეობდნენ, მან [ემი ნეთერმა] აღმოაჩინა მეთოდები, რომელიც უდიდესი მნიშვნელობის მქონეა თანამედროვე მათემატიკოსთა ახალგაზრდა თაობის განვითარებისთვის”, – წერდა აინშტაინი ემი ნეთერის შესახებ.

 

 

მან უდიდესი წვლილი შეიტანა აბსტრაქტულ ალგებრასა და თეორიულ ფიზიკაში.

ამალია ემი ნეთერი 1882 წელს დაიბადა ბავარიის მხარის პროვინციულ ქალაქ ერლანგენში. პატარა ემი ჩვეულებრივი ბავშვი იყო, ჭკვიანი და საყვარელი გოგონა, მაგრამ არა ვუნდერკინდი. 7 წლის ასაკში ქალთა მუნიციპალურ გიმნაზიაში შევიდა, სადაც კარგად კი სწავლობდა, მაგრამ არა გამორჩეულად.

 

1900 წელს ემი ნეთერმა სახელმწიფო გამოცდები ჩააბარა და მიიღო მოწმობა, რომლის თანახმადაც მას გოგონათა სკოლაში ინგლისურისა და ფრანგულის სწავლება შეეძლო. ამ დროს ემი 18 წლის იყო.

გოგონათა სკოლაში ენების მასწავლებლად მუშაობას მან არჩია, თავად განეგრძო სწავლა და ერლანგენის უნივერსიტეტში (გერმანია) მათემატიკის სწავლას შეუდგა.

თუმცა, იმ პერიოდში ქალებს ლექციებზე დასწრება მხოლოდ თავისუფალი მსმენელის სტატუსით შეეძლოთ, ისიც პედაგოგის ნებართვით.

რადგან სრულუფლებიან სტუდენტად არ იღებდნენ, თავიდან ემი თავისუფალ მსმენელად ესწრებოდა ლექციებს, ხოლო 1904 წელს, როდესაც გოგონებს სტუდენტებად ჩარიცხვის უფლება მიეცათ, ემი ოფიციალურად ჩარიციხა ერლანგენის უნივერსიტეტში. 1907 წელს ამავე უნივერსიტეტში ემი ნეთერმა დისერტაცია დაიცვა ალგებრული მუდმივი სიდიდეების შესახებ.

დისერტაციის დაცვის შემდეგ ემი ნეთერი ერლანგენის უნივერსიტეტში დარჩა, სადაც საკუთარ კვლევაზე მუშაობდა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.

მიუხედავად იმისა, რომ გოგონებს იმ პერიოდში სწავლის უფლება მიეცათ, გერმანიის უნივერსიტეტებში სწავლების უფლებას ჯერ კიდევ არ აძლევდნენ, ამიტომ ემი ლექციებს ვერ წაიკითხავდა. თუმცა იგი მამამისის, მათემატიკოს მაქს ნეთერის არაოფიციალური ასისტენტი გახდა. მაქს ერლანგენის უნივერსიტეტის პროფესორი იყო. რა თქმა უნდა, არაოფიციალურ ასისტენტობაში ემის არც ხელფასს უხდიდნენ.

ამ პერიოდის მანძილზე ემი რამდენიმე დოქტორანტს ხელმძღვანელობდა, თუმცა შვიდი წლის განმავლობაში მას ერლანგენის უნივერსიტეტში არც ანაზღაურება და არც სტატუსი არ მიუღია.

 

თავისუფალი მსმენელობის პერიოდში ემიმ ერთი სემესტრი გეტინგენის უნივერსიტეტში გაატარა (1903-1904 წ. ზამთრის სემესტრი).

სწორედ გეტინგენის უნივერსიტეტში მიიწვიეს ემი 1915 წელს თავისმა ყოფილმა პროფესორებმა, მათემატიკოსებმა დავიდ ჰილბერტმა და ფელიქს კლაინმა და მალევე გამოიყენეს ალგებრული მუდმივების შესახებ მისი ცოდნა ალბერტ აინშტაინის ახლად გამოქვეყნებული ფარდობითობის ზოგადი თეორიის მათემატიკური ფონის შესასწავლად.

 

1915 წელს კლაინსა და გილბერტს ნეთერისთვის თავიანთ უნივერსიტეტში პრივატ-დოცენტის ადგილი ჰქონდათ გათვალისწინებული. თუმცა, მაშინ არაფერი გამოვიდა. 1915 წლის ნოემბერში უნივერსიტეტის სენატმა უარი განაცხადა ნეთერის დამტკიცებაზე, „ფორმალური წესების“ შეუსრულებლობის გამო. იგულისხმებოდა 1908 წელს მიღებული წესი, რომლის მიხედვითაც პრივატ-დოცენტი მხოლოდ მამაკაცი შეიძლება ყოფილიყო. ემის დამცველებმა კულტურის მინისტრს მიმართეს, მაგრამ მან უარი განაცხადა ჩარევაზე.

 

გეტინგენში ჩასვლის შემდეგ მალევე, მოხდა ის, რამაც საფუძველი დაუდო ნეთერის დიად სამუშაოს. 1915 წლის ზაფხულში ალბერტ აინშტაინმა ექვსი ლექცია ჩაატარა გეტინგენის უნივერსიტეტში, სადაც საკუთარი (ჯერ კიდევ დაუმთავრებელი, მაგრამ დასასრულთან ახლოს მყოფი) გრავიტაციის რელიატივური თეორის შესახებ საუბრობდა. ეს თეორია შემდგომში ფარდობითობის თეორიის სახელით გახდა ცნობილი. მსმენელთა შორის იყო დავიდ გილბერტი, რომელიც სერიოზულად დაინტერესედა აინშტაინის იდეებით.

გილბერტმა დაიწყო საკუთარი გამოთვლები და მუშაობის პროცესში საკმაოდ სერიოზულ პრობლემას გადააწყდა. ის მიხვდა, რომ გრავიტაციის ახალი თეორია იძულებულს გვხვდის სხვაგვარად შევხედოთ ფიზიკას – ენერგიის შენახვის კანონის კუთხით. დასახმარებლად გილბერტმა ემი ნეთერს მიმართა. მან კარგად იცოდა, რა ბრწყინვალედ წარმოაჩინა ემიმ საკუთარი მათემატიკური ნიჭი ალგებრული ინვარიანტების გამოთვლისას.

ნეთერმა მოლოდინს გადააჭარბა. გილბერტის დავალების შესრულებას ის 1915 წელს შეუდგა და საბოლოო ჯამში საკმაოდ სერიოზული შედეგები მიიღო, რომლის გამოყენების სფეროც ბევრად სცდებოდა დავალების ფარგლებს. როგორც აღმოჩნდა, მიღებული შედეგები მიესადაგებოდა არა მხოლოდ ფარდობითობის და კლასიკური ფიზიკის სხვა თეორიებს, არამედ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში განვითარებულ კვანტური ველების თეორიასაც. რასაკვირველია, 1918 წელს ასეთი წარმატების წარმოდგენა შეუძლებელი იყო. ნეთერის თეორიის აღწერა ორი სიტყვით ასე შეიძლება: ფუნდამენტურ დონეზე ბუნების შესწავლისას, მეცნიერები ცდილობენ ფიზიკური სისტემების იმ მახასიათებლებს მიაკვლიონ, რომლებიც უცვლელნი რჩებიან ამ სისტემათა თანამონაწილეობით მიმდინარე პროცესების დროს. მაგალითად, ჩვენი პლანეტა ბრუნავს საკუთარი ორბიტის გარშემო ცვლადი სიჩქარით, მაგრამ წარმოსახვითი მონაკვეთი, რომელიც მას მზესთან აერთიანებს, თანაბარ შუალედებში თანაბარ ფართობს მოიცავს (კეპლერის მეორე კანონი).

 

სამი წელი ემი ფაქტობრივ გილბერტის ასისტენტად მუშაობდა, ხანდახან მის მაგივრადაც კითხულობდა ლექციებს, მაგრამ როგორც ერლანგენში, აქაც აბსოლუტურად უუფლებო იყო. მხოლოდ 1919 წელს, ვაიმარის რესპუბლიკის ეპოქაში, ნეთერი როგორც იქნა გახდა პრივატ-დოცენტი. ოთხი წლის შემდეგ კი უნივერსიტეტმა მას პატივი საკმაოდ უცნაური ტიტულის მინიჭებით მიაგო – არაოფიციალური ექსტრაორდინალური პროფესორი. თუმცა არც ეს წოდება და არც პრივატ-დოცენტობა არ ნიშნავდა რეგულარულ ანაზღაურებას.

მოგვიანებით გილბერტმა და რიჰარდ კურანტმა მოახერხეს, რომ ნეთერს ალგებრის სემინარები ჩაეტარებინა, რაც ანაზღაურებადი იყო. თუმცა ეს ანაზღაურებაც სიმბოლური და მოკრძალებული გახლდათ (200-400 მარკა თვეში). ამასთანავე, ნეთერის კონტრაქტი პრუსიის მეცნიერების, ხელოვნებისა და განათლების სამინისტროსგან ყოველწლიურ დამტკიცებას საჭირეოებდა.

ასე მუშაობდა ემი ნეთერი გეტინგენის უნივერსიტეტში 1933 წლამდე, ჰიტლერის მთავრობაში მოსვლის შემდეგ კი, ებრაელი მეცნიერების გერმანული უნივერსიტეტებიდან გაშვების შემდეგ, ამერიკაში გაემგზავრა.

 

სიცოცხლეში და სიკვდილის შემდგომაც, გარკვეული ხანი, ემი ნეთერს პატივს პრაქტიკულად მხოლოდ მისი ალგებრული გამოკვლევების გამო მიაგებდნენ. დღეს რა უცნაურადაც უნდა გვეჩვენებოდეს, მისი დიადი თეორემა მაშინ თითქმის ვერავინ შეამჩნია. მართალია, ნეთერის ნაშრომს უმაღლესად აფასებდნენ გილბერტი და კლაინი, მაგრამ ამას გაგრძელება არ მოჰყოლია.

ჰერმან ვაილმაც კი, რომელიც ხშირად მუშაობდა თეორიული ფიზიკის სფეროში, საჭიროდ არ ჩათვალა ემი ნეთერის სახელი ეხსენებინა 1928 წელს გამოსულ მონოგრაფიაში „ჯგუფების თეორია და კვანტური მექანიკა“. მეოცე საუკუნის პირველ მესამედში ერთადერთი, მოკლე ნაკვესი ემი ნეთერის შრომის შესახებ კლასიკურ მათემატიკურ ნაშრომებში გვხვდება, გილბერტისა და კურანტის 1924 წელს გამოცემულ ცნობილ წიგნში „მათემატიკური ფიზიკის მეთოდები“.

ასეთი „დავიწყების“ მიზეზებზე ბევრი რამ შეიძლება ითქვას, მაგრამ ფაქტია, მეოცე საუკუნის შუაწლებამდე, ფიზიკოსები ფაქტობრივად არ ახსენებდნენ ნეთერს, თუმცა მისი შრომის შედეგები საკმარისად ცნობილი იყო და ხშირადაც იყენებდნენ.

ყველაფერი შეიცვალა 50-იან წლებში, რაც პირველ რიგში დაკავშირებულია ველის კვანტურ თეორიებში სიმეტრიის როლისადმი გაღვიძებულ ინტერესთან.

 

ემი ნეთერის სტატია სათაურით Invariante Variationsprobleme მათემატიკური და თეორიული ფიზიკის ოქროს ფონდშია შესული.

სტატია იმ თეორიის შესახებაა, რომელიც 1918 წლის 23 ივლისს გეტინგენის მათემატიკური საზოგადოების სემინარზე წარადგინა ნეთერმა.

ეს თეორია თანდათან ფუნდამენტური მეცნერებისათვის მეტისმეტად ეფექტურ ინსტრუმენტად იქცა.

შემოდგომაზე, ბოლომდე დამუშავებული ტექსტი გამოქვეყნდა ჟურნალში Nachrichten von der Könighche Gesellschaft der Wissenschaften zu Göttingen, Math.-Phys. Klasse.

სტატიის ავტორს არავითარი ფორმალური სტატუსი არ გააჩნდა გერმანულ აკადემიურ წრეებში, მიუხედავად იმისა, რომ 36 წლის ასაკში დაიცვა სადოქტორო ნაშრომი და გამოქვეყნებული ჰქონდა 12 სტატია.

სქესი ყველანაირად აბრკოლებდა მის მიღებას გერმანიის საუნივერსიტეტო წრეებში. ნეთერი ვერ ახერხებდა (და მომავალშიც ვერ მოახერხა) გეტინგენის სამეფო სამეცნიერო საზოგადოების წევრობას, სადაც მისი ნაშრომი, მოხსენებიდან სამი დღის შემდეგ მათემატიკოსმა ფელიქს კლაინმა წარადგინა.

 

Nachrichten -ში გამოქვეყნებულმა სტატიამ მნიშვნელოვნად დააჩქარა ემი ნეთერის კარიერული წინსვლა. ომის შემდგომ შესუსტებული მამაკაცური შოვინიზმის ფონზე, 1919 წლის 21 მაისს გეტინგენის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი დათანხმდა აღნიშნული პუბლიკაციისათვის კვალიფიციური დისერტაციის სტატუსის მინიჭებას, რაც აუცილებელი იყო პრივატ-დოცენტის ადგილის დასაკავებლად. ერთ კვირაში ემიმ ჩააბარა ზეპირი გამოცდა, 4 ივნისს კი საცდელი ლექცია წაიკითხა მათემატიკის ფაკულტეტის წევრებისათვის. შემოდგომიდან ნეთერი საკუთარი სასწავლო კურსის კითხვას შეუდგა.

ამის შემდეგ, ემი ნეთერისა და მისი თეორემის გზები გაიყო. ემი აღარასოდეს მიბრუნებია ფიზიკას და მთლიანად გადაერთო აბსტრაქტულ ალგებრაზე.

 

გეტინგენში, ემი ნეთერის მშვიდი და პროფესიულად სისხლსავსე ცხოვრება ნაცისტების სათავეში მოსვლამ დაარღვია. 1933 წელს, განათლების, ხელოვნებისა და მეცნიერების სამინისტრომ ნეთერს აუკრძალა გეტინგენის უნივერსიტეტში სწავლება (ასეთივე ბედი ეწიათ კურანტსა და კვანტური მექანიკის ერთ-ერთ შემქმნელ მაქს ბორნს). რამდენიმე თვეში ემი ნეთერი ამერიკაში გაემგზავრა, სადაც როკფელერის ფონდის დახმარებით მოეწყო პენსილვანიის შტატში, ბრინ-მარის ქალთა ელიტურ კოლეჯში. 1934 წლის თებერვლიდან იგი ყოველკვირეულ ლექციებს კითხულობდა პრინსტონის პერსპექტიული კვლევების ინსტიტუტში (მაგრამ არა პრინსტონის უნივერსიტეტში, სადაც ქალებს მაშინ ახლოსაც არ იკარებდნენ). ზაფხულში ემი ნეთერი ცოტა ხნით ესტუმრა გეტინგენს, რისთვისაც მან რა უცხოელი მეცნიერის ახლად მიღებული სტატუსი გამოიყენა.

ამის შემდეგ ნეთერმა სამუდამოდ დატოვა გერმანია, თუმცა მას არც ისე დიდი დრო ჰქონდა დარჩენილი. 1935 წლის 14 აპრილს ემი ნეთერი გარდაიცვალა ოპერაციის შემდგომი გართულების (სავარაუდოდ, მწვავე ინფექციის) გამო.

 

დამატებითი ინფორმაცია: გილბერტის მსგავსად, ნეთერი უმცირესი ქმედების პრინციპზე მუშაობდა. მას აინტერესებდა მათემატიკური ოპერაციების შედეგები, რომლებიც გარდაქმნიან გამოთვლით ქმედებებში მონაწილე მათემატიკურ ობიექტებს, თუმცა, ამის მიუხედავად უცვლელს ტოვებენ მის რიცხვით სიდიდეს. ეს ნიშნავს, რომ მსგავსი ოპერაციები ქმედებებს ინვარიანტულს ტოვებს.

 

ემი ნეთერის თეორია ფიზიკური სისტემის თითოეულ, უწყვეტ სიმეტრიას აკავშირებს შენახვის გარკვეულ კანონთან (მაგალითად, თუ ნაწილაკების  იზოლირებულ სისტემაში მიმდინარე პროცესები დროში წანაცვლებასთან მიმართებაში ინვარიანტულია, მაშინ ამ სისტემაში აუცილებლად მუშაობს ენერგიის შენახვის კანონი).

 

. . .

სტატია მომზადებულია პროექტის “გზაზე ერთი ქალი მოდიოდა” ფარგლებში

პროექტს ახორციელებს სოციალური შუქნიშანი
პროექტი ხორციელდება “ქალთა ფონდი საქართველოში” ფინანსური მხარდაჭერით

 

გზაზე ერთი ქალი მოდიოდა, ნამდვილი ამბები, პროექტები

ქალი, რომელსაც ნობელის პრემია მოპარეს – როზალინდ ფრანკლინი

2019 წლის თებერვალში BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარსმავალს, რომელიც 2020 წელს დაიწყებს წითელი პლანეტის გრუნტის შესწავლას, რო

Rosalind-Franklin_1080x1080
Photo credit: britannica.com

ზალინდ ფრანკლინის სახელი დაერქმევა.

მკვლევარი რობოტის სახელის შესარჩევად, მონაწილეობა კოსმოსური სააგენტოს წევრი ქვეყნების დაახლოებით 36 000-მა მოქალაქემ მიიღო. კვლევითი აპარატის მისია მარსზე ოდესმე ან ამჟამად არსებული სიცოცხლის კვალის აღმოჩენაა.

“მისი სიცოცხლის ბოლო წელს, მახსოვს ერთ დღეს როზალინდი საავადმყოფოში რომ მოვინახულე, აღფრთოვანებული დამხვდა ახალი ამბებით იმის შესახებ, რომ ადამიანმა კოსმოსის შესწავლა დაიწყო [იგულისხმება ცნობები საბჭოთა კავშირის ხელოვნური თანამგზავრის “სპუტნიკი”-ს შესახებ]”, – თქვა როზალინდ ფრანკლინის დამ, ჯენიფერ გლინმა, – “ის ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ 60 წლის შემდეგ მარსზე მისი სახელობის მარსმავალს გაგზავნიდნენ, ეს კი გარკვეულწილად, ამ პროექტს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის”.

 

როზალინდი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა ისე, რომ თავისი უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო აღმოჩენისთვის დამსახურებული აღიარება სიცოცხლეში არ მიუღია.

როზალინდ ფრანკლინი მეცნიერია, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა დნმ-ის აღმოჩენაში, თუმცა მისი წვლილი მრავალი წლის მანძილზე უგულვებელყოფილი იყო, რადგან ეს სფერო (ისევე, როგორც არაერთი სხვა სფერო) მამაკაცთა დომინირებით გამოირჩეოდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებათა დოქტორი იყო, კოლეგები მასში მხოლოდ უბრალო ლაბორანტს ხედავდნენ, ამასთანავე დასცინოდნენ „ქალური შარმის“ არქონის გამო. სინამდვილეში კი მას შესანიშნავი მიგნებები ჰქონდა და სწორედ როზალინდ ფრანკლინმა აღმოაჩინა დნმ-ის სტრუქტურის სპირალი, თუმცა ნობელის პრემია ამ აღმოჩენისათვის მის კოლეგებს ერგოთ. მათ, ვინც ლაბორატორიიდან როზალინდის მოშორების შემდეგ, გამოიყენეს მისი გამოთვლები. ფრანკლინმა ეს ვერასოდეს გაიგო, რადგან თავისი კოლეგების ტრიუმფამდე ოთხი წლით ადრე გარდაიცვალა.

 

როზალინდ ფრანკლინი 1958 წელს გარდაიცვალა, მეცნიერთა წრეებში არსებული საიდუმლო კი მხოლოდ 1975 წელს გამჟღავნდა, მას შემდეგ, რაც ამერიკელმა მწერლმა, ენ სეირიმ როზალინდ ფრანკლინის ბიოგრაფია გამოაქვეყნა. აღნიშნული წიგნი ნათელი მაგალითია მეოცე საუკუნის 40-50-იან წლებში ინგლისის (და არა მხოლოდ)  სამეცნიერო წრეებში არსებული გენდერული უთანასწორობისა. როზალინდ ფრანკლინი კი ორმაგი დისკრიმინაციის მსხვერპლი აღმოჩნდა, როგორც ქალი და როგორც ებრაელი.

 

ბევრი მეცნიერი თანხმდება, რომ 1953 წელს მიკვლეული დნმ-ის სტრუქტურის ახალი სპირალი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა. ამ მიღწევას, როგორც წესი ჯეიმს უოტსონსა და ფრენსის კრიკს მიაწერენ, რომლებმაც დნმ-ის სივრცითი სტრუქტურა შექმნეს, რამაც შესაძლებელი გახადა გენეტიკური კოდის გაშიფვრა. ბევრმა არ იცის, რომ 1962 წელს ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში მიღებული ნობელის პრემია უოტსონმა და კრიკმა მორის უილკინსონთან გაინაწილეს, რომელმაც დაამტკიცა, რომ დნმ-ის მოლეკულას ორმაგი სპირალის ფორმა აქვს და თითქმის არავისთვის იყო ცნობილი, რომ ჯილდო კიდევ ერთ მეცნიერს, როზალინდ ფრანკლინს ეკუთვნოდა. სწორედ მისი ნაშრომების წყალობით გახდა შესაძლებელი ეს უდიდესი მეცნიერული აღმოჩენა.

 

როგორ მოიპარეს ნობელი

 

როზალინდ ფრანკლინი 1920 წელს დაიბადა ლონდონში. გოგონა თავიდანვე გამოირჩეოდა თანატოლებს შორის, სასწავლებლის საუკეთესო მოსწავლე იყო და თითქმის ყველა საგანს თანაბარი წარმატებით ითვისებდა. განსაკუთრებით წარმატებული იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ლათინურში. გასაკვირი არაა, რომ მან საკუთარი ცხოვრება მეცნიერებას დაუკავშირა. თუმცა, იმ დროისათვის ეს გოგონასთვის საკმაოდ გაბედულ საქციელად ითვლებოდა, განსაკუთრებით კი ებრაელი გოგონასთვის.

 

1938 წელს როზალინდ ფრანკლინი კემბრიჯში შევიდა, სადაც იგი ქიმიას შეისწავლიდა. 1941 წელს მან ბრწყინვალედ ჩააბარა გამოსაშვები გამოცდები, მაგრამ მიღებული სამეცნიერო ხარისხი ნომინალური იყო – იმ დროს კემბრიჯის კურსდამთავრებულ გოგონებს, ბიჭებისგან განსხვავებით, ფაქტობრივ ხარისხს არ ანიჭებდნენ. თუმცა მოგვიანებით (1945 წელს) ფრანკლინმა მაინც მოახერხა მეცნიერების დოქტორის ხარისხის მიღება კემბრიჯის უნივერსიტეტში.

მეორე მსოფლიო ომის დროს ფრანკლინის ოჯახი ნაცისტებისგან გამოქცეულ ებრაელებს ეხმარებოდა, როზალინდის მშობლებმა ორი ბავშვიც იშვილეს, რომლებიც ომის შემდეგ მშობლებს დაუბრუნეს. ფრანკლინმაც შეიტანა თავისი წვლილი მტერთან ბრძოლაში, მან შეისწავლა ნახშირის სტრუქტურა და მისმა შრომებმა შესაძლებელი გახადა ბრიტანეთში არსებული აირწინაღების სრულყოფა. მოგვიანებით მისი კვლევები სადისერტაციო ნაშრომს და ზემტკიცე ნახშირბადის  ბოჭკოს თეორიას დაედო საფუძვლად.

1947 წელს როზალინდ ფრანკლინმა პარიზში განაგრძო რენტგენოსტრუქტურული ანალიზის სფეროში კვლევების წარმოება, 1951 წელს კი ლონდონში დაბრუნდა და სამეფო კოლეჯში გადავიდა, სადაც ბრწყინვალედ ასრულებდა ლაბორატორიულ სამუშაოებს დიფრაქციული ანალიზის სფეროში, აკეთებდა შესანიშნავ რენტგენოგრამებს.

ჯონ რენდალმა, სამეფო კოლეჯის ბიოფიზიკისა და სამედიცინო კვლევების განყოფილების ხელმძღვანელმა, როზალინდი დნმ-ის ბოჭკოთა კვლევის ლაბორატორიაში გადაიყვანა. ლაბორატორიაში როზალინდის მისვლის მომენტში კვლევას უკვე აწარმოებდნენ მორის უილკინსი და ასპირანტი რეიმონდ ჰოსლინგი.  ჰოსლინგი როზალინდის თანაშემწედ დანიშნეს – მისი ხელმძღვანელობით უნდა დაეწერა საკუთარი დისერტაცია. ფაქტობრივ, რენდალმა როზალინდი კვლევის ხელმძღვანელად დანიშნა, მაგრამ ამის შესახებ საქმის კურსში არ ჩაუყენებია უილკინსი და ჰოსლინგი. კოლეგები როზალინდს თავიდან ისე აღიქვამდნენ, როგორც უბრალო ლაბორანტს და ყველაზე მოსაწყენ და რუტინულ სამუშაოს აძლევდნენ.

მოგვიანებით გაურკვევლობას ბოლო მოეღო, მაგრამ კოლეგებს შორის ურთიერთობა ამას არ გაუუმჯობესებია. სიტუაცია ძალიან დამძიმდა, კოლეგების მხრიდან როზალინდი გრძნობდა უპატივცემულობას როგორც ქალი და როგორც ებრაელი. თანამშრომლები ბრწყინვალე მეცნიერის შრომასაც აგდებულად ეკიდებოდნენ. თვით ჯეიმს უოტსონმა, საკუთარ წიგნში „ორმაგი სპირალი“, ფრანკლინი აღწერა როგორც რთული ხასიათის მქონე ქალი, რომელიც არასოდეს ამჟღავნებდა საკუთარ კვლევებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, გამუდმებით წუწუნებდა და არცთუ მიმზიდველად გამოიყურებოდა. როზალინდი ასეთად მხოლოდ კოლეჯის ფარგლებში აღიქმებოდა, ხოლო მეგობრებისა და ნათესავების თქმით, ის ძალიან მეგობრული იყო და გამოირჩეოდა იუმორის საოცარი გრძნობით. როგორც ჩანს, იმ წლებში, სამეცნიერო სფეროში მოღვაწე ქალი, საზოგადოების აზრით აუცილებლად მიმზიდველი უნდა ყოფილიყო, ჰქონოდა საოცარი ღიმილი და საკუთარი კვლევის შედეგები დაუყოვნებლივ უნდა გაენდო მამაკაცი კოლეგებისათვის. ქალებს აკადემიურ წრეებში არ სწყალობდნენ არც ლექციებზე და არც ლაბორატორიებში. მათ არ იწვევდნენ არც არაფორმალურ შეხვედრებზე, სადაც მამაკაცი მეცნიერები ერთმანეთს უზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებასა და შეხედულებებს.

მიუხედავად ამისა, ფრანკლინი არ ნებდებოდა.  ლაბორატორიაში ჩაატარა  ჯერ კიდევ უილკინსის შეკვეთილი ხელსაწყოების რევიზია, საკუთარი კვლევებისათვის მან გამოიყენა ხელახლა გადაწყობილი და გაუმჯობესებული რენტგენის მილი და მიკროგადაღების აპარატი, რომელთა საშუალებითაც საოცარი სიზუსტისა და გარჩევადობის სურათების გადაღება შეძლო.  უთანხმოების მიუხედავად, ფრანკლინი და უილკინსი ერთად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ არსებობს დნმ-ის ორი ფორმა, მათ მიენიჭათ სახელები А და В. ახალი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, რენდალმა გაყო მათი სამუშაო და თითოეული მათგანი მხოლოდ ერთ ფორმას შეისწავლიდა, რომლებიც მომავალში უნდა გაერთიანებულიყო. დროთა განმავლობაში ფრანკლინმა შეძლო ჰიდრატირებული დნმ-ის ისეთი მკაფიო გამოსახულებების  მიღება, რომ შეეძლო მაქსიმალურად ზუსტად განესაზღვრა მოლეკულის სტრუქტურა.

1952 წელს როზალინდმა გააკეთა რენტგენოგრამა, რომელიც შემდგომში ცნობილი გახდა როგორც „ფოტოგრაფია 51“. ამ ფოტოგრაფიამ ფრანკლინს დნმ-ის სპირალური სტრუქტურის ჩვენების შესაძლებლობა მისცა. სპირალურ სტრუქტურაზე როზალინდი ჯერ კიდევ 1951 წელს მიუთითებდა, ახლა კი მას შეეძლო საკუთარი მეცნიერული ვარაუდები პრაქტიკაში დაემტკიცებინა.

მან გაიმარჯვა!

თუმცა, მისი გამარჯვების შესახებ ვერავინ გაიგო, თვით როზალინდის ჩათვლით. ჯეიმს უოტსონი და ფრენსის კრიკი დნმ-ის სტრუქტურას მეზობელ ლაბორატორიაში შეისწავლიდნენ. ისინი მეგობრობდნენ მორის უილკინსთან, რომელსაც თავის მხრივ კარგი ურთიერთობა ჰქონდა ჰოსლინგთან, ჰოსლინგს კი როზალინდის კვლევების და შრომის  შედეგებზე სრულად მიუწვდებოდა ხელი. სწორედ ჰოსლინგს სთხოვეს, აეღო „ფოტოგრაფია 51“ ფრანკლინის მასალებიდან. დასტურდება, რომ იცნობდნენ მის ჩანაწერებსაც. ეს ყველაფერი როზალინდის ნებართვის გარეშე ხდებოდა. უოტსონმა და კრიკმა მომენტალურად შეაფასეს რენტგენოგრამის მნიშვნელობა და დნმ-ის სტრუქტურის დეტალურად შესწავლის შესაძლებლობა მიიღეს. შემდგომშიც, თავის მეცნიერულ შრომებში ხშირად იყენებდნენ ფრანკლინის მრავალრიცხოვან გამოთვლებს. მათ  კვლევა მას შემდეგ დაასრულეს, რაც როზალინდმა სამეფო კოლეჯი დატოვა და დნმ-ის სტრუქტურაზე მუშაობა შეწყვიტა.

აღმოჩენამ საყოველთაო აღიარება 1961 წელს მოიპოვა, რის შედეგადაც უოტსონი და კრიკი უილკინსთან ერთად წარადგინეს ნობელის პრემიაზე. წლების შემდეგ უოტსონმა და კრიკმა აღიარეს, რომ როზალინდ ფრანკლინის „ფოტოგრაფია 51“-ის გარეშე აღმოჩენის გაკეთებას ვერ შეძლებდნენ.

 

ამ აღიარების ამბავი ფრანკლინმა ვეღარ გაიგო, ისევე, როგორც ვერ გაიგო მისი შრომის შედეგად სხვების მიერ გაკეთებული ასეთი მნიშვნელოვანი აღმოჩენის შესახებ.

სამეფო კოლეჯის შემდეგ ფრანკლინი ბირკბეკის კოლეჯში გადავიდა, სადაც თამბაქოს მოზაიკის ვირუსის შესწავლას შეუდგა. მისთვის დამახასიათებელი სიზუსტით შეისწავლა ვირუსის რიბონუკლეინური მჟავებისა და ცილების ფიზიკურ-ქიმიური თავისებურებები. როზალინდის ეს შრომა დაედო საფუძვლად მოლეკულურ ბიოლოგიას, რომელიც გენეტიკური ინფორმაციის შენახვის, გადაცემისა და რეალიზაციის მექანიზმებს შეისწავლის.

 

1956 წელს როზალინდ ფრანკლინს საკვერცხეების სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. როგორც ჩანს, წლების განმავლობაში რენტგენის დასხივებამ, გენეტიკურ ფაქტორებთან ერთად თავისი ქნა. მაგრამ იგი ავადმყოფობას არ დანებებია, სამეცნიერო კვლევებს ქიმიოთერაპიის დროს და 1956 წლის სექტემბერში გაკეთებული ოპერაციის შემდეგაც განაგრძობდა. 1957 წელს როზალინდ ფრანკლინმა პოლიომელიტის ვირუსის შესწავლა დაიწყო. მისი კვლევების საფუძველზე შესაძლებელი გახდა კიდევ ერთი აღმოჩენის გაკეთება, რაც 1982 წელს აგრეთვე ნობელის პრემიის მინიჭებით დასრულდა.

ჯილდო აარონ კლუგმა მიიღო.

 

როზალინდ ფრანკლინი 1958 წლის 16 აპრილს გარდაიცვალა – იმ დღეს, როდესაც ბრიუსელის საყოველთაო გამოფენაზე წარმოდგენილ იქნა მის მიერ შემუშავებული თამბაქოს მოზაიკის ვირუსის მოდელი.

გარდაცვალების მომენტში როზალინდი 38 წლისაც არ იყო, უჩვეულოდ ნიჭიერი და მიზანდასახული ქალი, რომელსაც ორჯერ შეეძლო გამხდარიყო ნობელის პრემიის ლაურეატი, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა.

 

როზალინდმა მთელი თავისი სიცოცხლე მეცნიერებას შესწირა, მაგრამ მისი მიღწევები მის სიცოცხლეში არ დაფასდა.

 

როზალინდ ფრანკლინის წვლილი მეცნიერებაში დღეისათვის ცნობილი და აღიარებულია.

2015 წლის სექტემბერში სცენაზე წარმოადგინეს სპექტაკლი „ფოტოგრაფია 51“, სადაც როზალინდ ფრანკლინის როლს ნიკოლ კიდმანი ასრულებდა.

ამ სპექტაკლით მსახიობი 17 წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა სცენას.

სპექტაკლი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 2016 წელს მის კინოვერსიაზე დაიწყეს მუშაობა.

 

 

 

. . .

სტატია მომზადებულია პროექტის “გზაზე ერთი ქალი მოდიოდა” ფარგლებში

პროექტს ახორციელებს სოციალური შუქნიშანი
პროექტი ხორციელდება “ქალთა ფონდი საქართველოში” ფინანსური მხარდაჭერით

 

გზაზე ერთი ქალი მოდიოდა, ნამდვილი ამბები, პროექტები

საოცარი გრეისი – გრეის მიურეი ჰოპერი

გრეის ჰოპერი ერთ-ერთი პირველი პროგრამისტია.

იგი თავის უმთავრეს მიღწევად, კომპიუტერულ პროგრამებზე მუშაობის გარდა, ახალგაზრდობის აღზრდასა და მათ განვითარებაში შეტანილ წვლილს მიიჩნევდა. მხოლოდ ადამიანს შეუძლია დასვას კითხვები და გარდაქმნას ინფორმაცია ახალ ცოდნად – ამბობდა ის. გრეის ჰოპერი ოცნებობდა, ოცდამეერთე საუკუნემდე მიეღწია, მაგრამ 1992 წელს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Hopper.jpg
Photo credit: YaleNews

გრეის ჰოპერის სახელს ატარებს წყნარი ოკეანის ფლოტში შემავალი სამხედრო ხომალდი USS HOPPER (DDG-70). მის სახელს ატარებს ასევე ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე და ტექნოლოგიებით დაინტერესეულ ქალთა მსოფლიოს უმსხვილესი თავშეყრა Grace Hopper Celebration, რომელიც 1994 წლიდან ყოველწლიურად იმართება. 1971 წლიდან არასებობს გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო პროგრამირებისა და ტექნოლოგიების სფეროს ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის.

გრეის ჰოპერს „პროგრამირების ბებიასაც“ უწოდებენ. თავის დროზე მას არაერთი პრესტიჟული ჯილდო მიენიჭა, მათ შორის “კომპიუტერული ტექნიკის სფეროში წლის ადამიანის“ პრემია (1969 წ.).

მაინც ვინ იყო გრეის ჰოპერი?

გრეის ბიუსტერ მიურეი 1906 წელს დაიბადა, ნიუ იორკში. 17 წლის ასაკში ამერიკის ერთ-ერთ პირველ, ქალთა უნივერსიტეტში – ვასარის კოლეჯში შევიდა – ნიუ იორკთან ახლოს.

კოლეჯის დასრულების შემდეგ გრეისმა სწავლა იელის უნივერსიტეტში განაგრძო და 1930 წელს მათემატიკის მაგისტრის, 1934 წელს კი დოქტორის ხარისხი მოიპოვა. ამგვარად, გრეის ჰოპერი იელის უნივერსიტეტში ისტორიაში პირველი ქალიც გახდა, რომელსაც მათემატიკის დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

იელის შემდეგ გრეისი ვასარის კოლეჯში დაბრუნდა, ამჯერად უკვე პედაგოგის რანგში.

როგორც ამბობენ, რომ არა მეორე მსოფლიო ომი, გრეის ჰოპერი შესაძლოა ყველსათვის უცნობ მათემატიკოსად დარჩენილიყო.

გრეისმა მიზნად დაისახა ამერიკის შეერთებული შტატების  საზღვაო სამხედრო ძალებში შესულიყო. ერთი მხრივ, იგი საყოველთაო პატრიოტული მუხტით იყო შთაგონებული, მეორე მხრივ კი, საკუთარი დიდი ბაბუის, მექსიკის ომის გმირისა და კონტრ-ადმირალის მაგალითი და პატივისცემა შთააგონებდა.

თუმცა, ქალების მიღება ფლოტში მხოლოდ 1942 წელს დაწყეს და ისიც სპეციალურ, „ქალთა რეზერვის“ ქვეგანყოფილებაში, რაც მეტწილად უკანა ხაზზე ყოფნას და ფრონტის ხაზზე წასული კაცების დანაკლისის შევსებას გულისხმობდა.

გრეის ჰოპერისთვის ფლოტში მოხვედრას მისი ასაკი და წონაც ართულებდა. იგი ამ დროისთვის უკვე 36 წლის იყო და მინიმალური 54 კგ-ის ნაცვლად მხოლოდ 47 კგ-ს იწონიდა.

გრეის ჰოპერს მთელი წელი დასჭირდა საზღვაო ძალების მეთაურობის მის კანდიდატურაში დასარწმუნებლად და საბოლოოდ, 1943 წლის დეკემბერში მისმა მონდომებამ შედეგი გამოიღო.

გრეისმა კოლეჯის პედაგოგობა მიატოვა და კვლავ მოსწავლის სტატუსით მიუჯდა მერხს, ამჯერად უკვე სამხედრო-საზღვაო სკოლაში, მასაჩუსეტსის შტატში.

როგორც მოგვიანებით თავად იხსენებდა, ასაკით ორჯერ უმცროს გოგონებთან ერთად მერხთან ჯდომა არც ისე შთამბეჭდავი იყო. თუმცა გრეისი მასალას სწრაფად ითვისებდა, ბევრს შრომობდა და 1944 წელს სწავლა უმაღლესი აკადემიური მოსწრებით დაასრულა.

მართალია, შედეგად მან უმცროსი ლეიტენანტის წოდება მიიღო, თუმცა ფრონტზე კი არ გადაგზავნეს, როგორც თავად ოცნებობდა, არამედ სამხედრო მარაგების გამომთვლელ ბიუროში გაამწესეს, ჰოვარდ ეიკენის დაქვემდებარებაში. ამ დროისათვის ჰოვარდ ეიკენს ახალი დასრულებული ჰქონდა პირველ ამერიკულ კომპიუტერზე, Mark I-ზე მუშაობა.

ეს ტექნიკური სიახლე სიგრძეში 17 მეტრი იყო, სიმაღლეში კი – 2,5. იწონიდა 4,5 ტონას და სამი მარტივი გამოთვლითი ოპერაციის შესრულება შეეძლო. გამრავლების ოპერაციას 6 წამი სჭირდებოდა, გაყოფისას კი 15 წამზე მეტი.

გრეის ჰოპერის პირველი ამოცანა ხომალდების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შეიარაღებისათვის ბალისტიკური ცხრილების შედგენა იყო. გრეისი ამ ცხრილების საშუალებით MARK I კომპიუტერისთვის ქმნიდა ინსტრუქციებს. ინსტრუქციების შემდეგ უკვე კომპიუტერი თვითონ ასრულებდა დანარჩენ გამოთვლებს. ცხრილების წყალობით კომპიუტერისთვის მხოლოდ ისეთი ცვლადების მითითებაღა იყო საჭირო, როგორიცაა სიმაღლე და მანძილი სამიზნემდე.

გრეისს ჯერ კიდევ ბავშვობიდან აინტერესებდა სხვადასხვა სახის ტექნიკა. შესაძლოა, სწორედ ამიტომ აუღო ალღო ასე ადვილად ახალ საქმიანობას და მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკოსი იყო და არა ფიზიკოსი, ან ინჟინერი, როგორც კომპიუტერული სფეროს სხვა პიონერები, გრეის ჰოპერი ისტორიაში ერთ-ერთ პირველ პროგრამისტად იქცა.

1946 წელს მან პროგრამირებასთან დაკავშირებული წიგნიც გამოსცა.

ამასობაში, ომი დასასრულს უახლოვდებოდა, გრეისი კი კვლავ უშედეგოდ ცდილობდა ლაბორატორიიდან ფლოტში გადასვლას. ომის დასრულების შემდეგ მან კოლეჯის პროფესორად დაბრუნებაზე უარი თქვა და სამხედრო-საზღვაო რეზერვის შემადგენლობაში დარჩა, ახალ კომპიუტერულ პროგრამებზე სამუშაოდ. მას პროგრამირების პროცესის იმგვარად გამარტივება სურდა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეძლებოდა კომპიუტერთან მუშაობა, ინჟინერ-სპეციალისტების დახმარების გარეშე. გრეისის ინოვაციური იდეები კოლეგებისთვის გაუგებარი იყო. ამან გრეის ჰოპერის მდგომარეობა ნელ-ნელა გაართულა ჰარვარდში და 1949 წელს იგი Eckert-Mauchly Computer Corporation-ში გადავიდა სამუშაოდ. ფილადელფიაში გრეისი იმ ჯგუფის უფროსი მათემატიკოსი გახდა, რომელიც უნივერსალური ავტომატური კომპიუტერის UNIVAC I შექმნაზე მუშაობდა. ახალი ელექტროგამომთვლელი მანქანა Mark-ის სერიის ნებისმიერ კომპიუტერზე ოცჯერ სწრაფი უნდა ყოფილიყო, მონაცემები კი მაგნიტურ ფირზე ჩაეწერა. (ამ დროისათვის უკვე გამოსული იყო MARK II და MARK III, რომელზე მუშაობის გამოცდილებაც ჰქონდა გრეისს).

ჰოპერმა თავისი ჯგუფსთვის თავის ჯგუფში გრეისმა ოთხი ადამიანი შეარჩია, როგორც ქალები, ისე კაცები. ქალები, – ამბობდა გრეისი, – უკეთესად ახერხებენ პროგრამირებას, რადგან ყველანაირი საქმის ბოლომდე მიყვანისკენ მიისწრაფვიან, კაცებისგან განსხვავებით.

ჰოპერის ჯგუფის ამოცანა პროგრამირების პროცესის ავტომატიზაცია გახლდათ. კომპიუტერს დამოუკიდებლად უნდა შეძლებოდა ბრძანებების ბინარულ კოდებად გადარდაქმნა და აუცილებლობის შემთხვევაში წინასწარ მომზადებული „ქვეპროგრამების“ ბიბლიოთეკისათვის მიემართა.

1952 წელს, უფროსი ლეიტენანტის წოდების მიღებასთან ერთად, გრეის ჰოპერმა წარმატებით დაასრულა ნულოვანი ვერსიის არითმეტიკულ ენაზე მუშაობა (სისტემა A-0).

ეს იყო ისტორიაში პირველი პროგრამა, რომელიც საშუალებას იძლეოდა გამოთვლითი ქვეპროგრამები და არგუმენტები კოდებად ქცეულიყო. ჰოპერისა და მისი ჯგუფის შრომამ შედეგად პროგრამირების ენის უფრო და უფრო სრულყოფილი ვერსიების შექმნა მოიტანა. მათ შორის იყო FLOW-MATIC.

FLOW-MATIC ოპერაციებისას იყენებდა არა მათემატიკურ ფორმულებს, არამედ ჩვეულებრივი, ადამიანური ენისთვის დამახასიათებელ წინადადებებს.

FLOW-MATIC-ის საფუძველზე, გრეის ჰოპერის ხელმძღვანელობით 1959 წელს შეიქმნა COBOL – ბიზნეს-აპლიკაციების დასამუშავებელი პროგრამირების ენა, რომელიც მაქსიმალურად იყო მიახლოებული ინგლისურ ენასთან.

სწორედ ამ თავისებურების გამო, COBOL დღემდე რეკორდსმენია მასზე ჩაწერილი კოდების რაოდენობით.

მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით COBOL ძალიან მოძველებულად ითვლება, მას მაინც აქტიურად იყენებენ ბიზნეს-აპლიკაციების სამყაროში, განსაკუთრებით კი ფინანსური ტრანზაქციების დამუშავების სფეროში.

ჰოპერი მთელი ამ დროის მანძილზე რეზერვისტის რანგით მოღვაწეობდა. ვინაიდან რეზერვისტად ყოფნა მხოლოდ 20 წლის განმავლობაში იყო ნებადართული, ამ მაქსიმალური ვადის ამოწურვის შემდეგ, 60 წლის ასაკს მიღწეული გრეისი აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებიდან დემობილიზებულ იქნა. სანუგეშოდ მიენიჭა მეორე რანგის კაპიტნის წოდება. თუმცა პენსიონერის რანგში „COBOL-ის დედა“ თავს ცუდად გრძნობდა.

მისდა სასიხარულოდ, რამდენიმე თვეში ფლოტის ხელმძღვანელობამ გადაიფიქრა და გრეისი სამსახურში აღადგინეს. ამის შემდეგ მან დაახლოებით კიდევ 20 წელი იმსახურა, ვიდრე 1986 წლის სექტემბერში, არასრული 80 წლის ასაკში სამხედრო-საზღვაო ძალების ოფიცერი მეორედ გავიდა პენსიაზე, როგორც თავად აღნიშნავდა – საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ.

გრეის ჰოპერის სახელს უკავშირდება ცნობილი ტერმინი bug (ხოჭო) პროგრამის ან ხელსაწყოს მუშაობაში გაჩენილი გაურკვეველი ხარვეზის აღსანიშნად.

ერთნი ამ ტერმინის გამოგონებას ჰოპერს მიაწერენ, მეორენი კი ირწმუნებიან, რომ გრეის ჰოპერი არ იყო პირველი ვინც ტერმინი «bug» გამოიყენა, თუმცა აღიარებენ, რომ „ლედი-ოფიცერმა“ მის უზომო პოპულარიზაციას შეუწყო ხელი და ინჟინერთა ვიწრო წრის ჟარგონიდან ის საერთო გამოყენების ტერმინებად აქცია.

1947 წელს, ერთ-ერთი პირველი კომპიუტერს, MARK II-ს, გაურკვეველი პროგრამული ხარვეზი შეექმნა. პროგრამისტთა ჯგუფის ხელმძღვანელის, გრეის ჰოპერის დახმარებით გაუმართაობის მიზეზს მიაგნეს – კონტაქტებს შორის ფარვანა გაჭედილიყო. ამგვარად, bug (ხოჭო) გაურკვეველი პროგრამული ხარვეზის აღსანიშნად დამკვიდრდა. ხოლო ვინაიდან ფარვანას ამოყვანის შემდეგ ხელსაწყომ მუშაობა განაგრძო, debugging ანუ ხოჭოს მოშორება, ხარვეზის აღმოფხვრის ტერმინად იქცა.

ჰოპერი ხელმძღვანელობდა ჯგუფს, რომელიც სამხედრო-საზღვაო ძალების ინფორმაციული სისტემების დაგეგმვის პროგრამირებაზე მუშაობდა (1966-1977 წწ.), მისი ინოვაციური იდეა იყო დიდი, ცენტრალიზებული სისტემების პატარა კომპიუტერებით ჩანაცვლება, მუშაობდა ელექტროგამომთვლელი მანქანების სტანდარტების და მათი კომპონენტების ტესტირებაზე. იგი უსაქმოდ არც პენსიაზე (მეორედ) გასვლის შემდეგ დარჩენილა: სიცოცხლის ბოლომდე Digital Equipment Corporation-ის უფროსი კონსულტანტი გახლდათ, კითხულობდა ლექციებს კომპიუტერული ტექნიკის ისტორიის შესახებ, გამოდიოდა სხვადასხვა აუდიტორიის წინაშე, მათ შორის, ტელევიზიითაც. ყველას იზიდავდა, არა მხოლოდ გრეისის ლეგენდარული სახელი, არამედ მისი განუმეორებელი გონებამახვილობა. ყურადღებას იქცევდა ასევე მისი დამახასიათებელი გარეგნობა, ასაკი, აღნაგობა და ადმირალის ფორმა.

გრეის ჰოპერი უკვე ლეგენდარული პიროვნება გახლდათ, როგორც ფლოტში, ისე კომპიუტერული ტექნოლოგიების სამყაროში, როდესაც 1983 წელს, კონგრესის გადაწყვეტილებით, საზეიმო ვითარებაში, პირადად აშშ-ის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა მიანიჭა აღდგენილი ისტორიული წოდება – კომოდორი. ერთი წლის შემდეგ კომოდორის წოდება ჩაანაცვლა უმცროსი კონტრ-ადმირალის ჩინმა, ერთი ვარსკვლავით მხრებზე. სწორედ ამ წოდებით შემორჩა გრეის ჰოპერი ისტორიას, რომელმაც თითქმის მიაღწია პატივცემული დიდი ბაბუის სამხედრო რანგს.

გრეის მიურეი ვასარში პედაგოგად მუშაობის დაწყებიდან მალევე დაქორწინდა ვინსენტ ჰოპერზე. 15 წლის შემდეგ უშვილო წყვილი ერთმანეთს დაშორდა. გრეისი სიცოცხლის ბოლომდე ყოფილი ქმრის გვარს ატარებდა.

. . .

სტატია მომზადებულია პროექტის “გზაზე ერთი ქალი მოდიოდა” ფარგლებში

პროექტს ახორციელებს სოციალური შუქნიშანი
პროექტი ხორციელდება “ქალთა ფონდი საქართველოში” ფინანსური მხარდაჭერით

გზაზე ერთი ქალი მოდიოდა, ნამდვილი ამბები, პროექტები

მერი ენინგი – გოგონა, რომელმაც დინოზავრები აღმოაჩინა

მერი ენინგი დაიბადა 1799 წელს, ლაიმ-რიჯისში, ინგლისის სამხრეთში. იმ ადგილს დღეს იურული პერიოდის სანაპიროს უწოდებენ.

p061bj7d
მერი ენინგი და მისი ერთგული ძაღლი ტრეი.  Photo credit © bbc.com

მერის მამა დურგალი იყო და მის დამატებით შემოსავალს ნამარხი ნაშთების მოძიება-გაყიდვა წარმოადგენდა. სწორედ მამამ ასწავლა მერისა და მის ძმას, როგორ უნდა მიეღწიათ კლდოვანი სანაპიროს ძირამდე ზღვის მიქცევის დროს და აღმოეჩინათ ნამარხი ნაშთები. ეს უნარები მერი ენინგისა და მისი ოჯახის მომავალი საქმიანობისათვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. მამის სიკვდილის შემდეგ ოჯახისთვის პურის ფულის შოვნას მერი ნამარხი ნაშთების მოძიებითა და გაყიდვით ახერხებდა.

სწორედ ასე მიაგნო მერიმ დინოზავრების ნეშტებს.

10 წლის გოგონამ შეძლო ისეთი მასალის მოძიება, რომელმაც საფუძვლიანი გადატრიალებებები მოახდინა 19-ე საუკუნის სამეცნიერო მონაცემებში და ჩვენი სამყაროს ისტორიისა და განვითარების აღქმაში ფუნდამენტური როლი შეასრულა.

1811 წელს მერის ძმამ, ჯოზეფმა, 1.2 მეტრის ზომის იხტიოზავრის – პრეისტორიული ხვლიკის თავის ქალა აღმოაჩინა, რომელიც 200 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. თავდაპირველად, აღმოჩენილი თავის ქალა ნიანგისად მიიჩნიეს. დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ, 12 წლის მერიმ იპოვა იხტიოზავრის სხეულის დანარჩენი ნაწილები, რომელიც ძალიან მალე შეიძინა ადგილობრივმა მუზეუმმა.

FMR-753-2
Photo credit © The Natural History Museum UK

სანამ მოზარდი ბავშვი უძველესი თავის ქალებისა და ნიჟარების აღმოჩენით იყო დაკავებული, ევროპელ მეცნიერეთა უმეტესობას ღრმად სწამდა, რომ ჩვენი სამყარო მხოლოდ 6000 წელს ითვლიდა, ადამიანზე ძველი სახეობების არსებობა კი აბსურდად მიაჩნდათ. მერი ენინგის აღმოჩენილი ზღვის რეპტილიები, მფრინავი დინოზავრი პტეროდაქტილი და უძველესი თევზები, პლეზიოზავრები და დიმორფოდონები მიუღებელი გახლდათ. საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელი იყო დედამიწის მანამდე უცნობი წარსულის ხელშესახები ფიზიკური მტკიცებულებების, დინოზავრების ჩონჩხების აღმოჩენა. ყველაზე მეტად შეურაცხმყოფელი მაშინდელი საზოგადოებისათვის ის იყო, რომ ამ აღმოჩენების ავტორი მერი იყო, გოგონა ძალიან ღარიბი ოჯახიდან, რომელიც ფაქტობრივ, სკოლაშიც კი ვერ ახერხებდა სიარულს.

მიუხედავად იმისა, რომ მერის არ მიუღია სასკოლო განათლება, მან ფაქტობრივ დამოუკიდებლად ისწავლა კითხვა, წერა, ხატვა და ნამარხი ჩონჩხების რეკონსტრუქცია.

ნაპოვნი ნაწილების მიხედვით იგი აღადგენდა და აღწერდა დინოზავრების ჩონჩხებს.

აი, რას წერდა მერის შესახებ ლონდონის სასამართლო მოხელის ქვრივი, ჰარიეტ სილვესტერი, რომელმაც 1824 წელს მოინახულა ლაიმ რიჯისი: „ეს ახალგაზრდა ქალი ისე ღრმად არის ჩაფლული მეცნიერებაში, რომ საკმარისია ძვლებისთვის ერთი თვალის შევლება და მაშინვე გეტყვით, რომელი ცხოველის ნამარხთან გაქვთ საქმე“.

მერი გამუდმებით აწარმოებდა საკუთარ ჩანაწერებს და ინიშნავდა ყველა აღმოჩენას. დღეისათვის, მისი მოსაზრებების შესწავლის საფუძველზე, მერი მრავალმხრივ ექსპერტადაა მიჩნეული.

ისევ ჰარიეტ სილვესტერს თუ დავესესხებით: „პრაქტიკისა და გამოქვეყნებული მასალის შესწავლის შედეგად, ენინგმა ცოდნის ისეთ დონეს მიაღწია, რომ თავისუფლად საუბრობდა ამ თემებზე მეცნიერ მამაკაცებთან, რომლებიც ერთხმად თანხმდებოდნენ, რომ მერი ამ სფეროში ბევრად უკეთ ერკვევა, ვიდრე ნებისმიერი მეცნიერი ბრიტანეთში“.

იმ დროს გეოლოგია და პალეონტოლოგია განვითარების საწყის ეტაპზე იყო და ნებისმიერი აღმოჩენა ექსპერტებში ცხოველ ინტერესს იწვევდა.

მიუხედავად ამისა, მერისთვის სამეცნიერო წრეების კარი ჩაკეტილი იყო.

იგი ცხოვრობდა ისეთ პერიოდში, როდესაც სამეცნიერო საზოგადოების წევრები მხოლოდ მამაკაცები იყვნენ და ქალს არ შეეძლო მათ წრეებში მოხვედრა. ამის გამო მერი ენინგს არ შეეძლო გამოექვეყნებინა თავისი შრომები.

სამაგიეროდ, მამაკაცი გეოლოგები აქვეყნებდნენ სტატიებს ენინგის აღმოჩენებზე დაყრდნობით, ერთმა მათგანმა კი პლეზიოზავრის ნამარხის თაობაზე დაწერილ სტატიაში საერთოდ არ ახსენა მერი ენინგი.

d2221be1-2d37-4c18-bd4a-09fc680cc669-imageserv
მერი ენინგის ჩანახატი შენიშვნებთან ერთად, რომელიც თარიღდება 1823 წლის 26 დეკემბრით და აღწერს მერის აღმოჩენილ და რეკონსტრუირებულ პლეზიოზავრის პირველ, თითქმის სრულ ჩონჩხს. Photo credit © www.the-scientist.com

1823 წლის დეკემბერში მერიმ აღმოაჩინა თითქოს გველისა და კუს შერწყმის შედეგად მიღებული „ურჩხულის“ ფაქტობრივ მთლიანი ჩონჩხი. ეს მსოფლიოში პირველად აღმოჩენილი პლეზიოზავრი, მეზოზოური ერის გრძელკისერა ზღვის რეპტილია გახლდათ და ნამდვილი სენსაციას წარმოადგენდა. ნამარხი ისეთ კარგ მდგომარეობაში იყო, რომ საუნივერსიტეტო წრეები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, თუმცა მამაკაც მეცნიერთა დიდი ნაწილი უკმაყოფილებას გამოხატავდა.

 

მეცნიერთა დიდი ნაწილი საეჭვოდ მიიჩნევდა მერის აღმოჩენების სინამდვილეს და სერიოზულად არ აღიქვამდა, სანამ ცნობილმა ფრანგმა ანატომმა, ჟორჟ კიუვიემ პლეზიოზავრის ნამარხი ავთენტურად არ აღიარა.

მერის აღმოჩენები უხერხულ მდგომარეობაში აყენებდა არა მხოლოდ მამრობითი სქესის ექსპერტებსა და მეცნიერებს, არამედ ეკლესიის წარმომადგენლებსაც. დინოზავრების არსებობა ეწინააღმდეგებოდა სამყაროს აღქმის მათეულ სწავლებას. თუმცა სიცოცხლის წარმოქმნასა და განვითარებასთან დაკავშირებით კითხვები მანამდეც ჩნდებოდა, მაგალითად დარვინის შრომებში.

მერის მონაპოვარმა სათავე დაუდო დედამიწის ისტორიის გადააზრებას.

მერის პირადი ჩანაწერების, მისი მოსაზრებების, ასევე პოტენციურ მყიდველებისთვის, მუზეუმებისა და სწავლულებისთვის, ტურისტებისა და კოლექციონერებისთვის გაგზავნილი ესკიზების შესწავლის საფუძველზე დღეისათვის მერი მრავალმხრივ ექსპერტადაა მიჩნეული და მას პალეონტოლოგიის დედად მოიხსენიებენ.

დღესდღეობით, მერი ენინგი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მეცნიერად ითვლება დიდ ბრიტანეთში. თუმცა სიცოცხლე მან სიღარიბეში გაატარა. მერის მოძიებული ნამარხების საფუძველზე გაკეთებული მრავალი სამეცნიერო აღმოჩენის მიუხედავად, იგი ყოველთვის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ნამარხი ნაშთების ძიება საკმაოდ სახიფათო საქმიანობა გახლდათ. მთებში არცთუ იშვიათია მეწყერი, რომელიც ერთი მხრივ მაძიებლებს ხელს უწყობს, მაგრამ მეორე მხრივ – შეიძლება მათი დაღუპვა გამოიწვიოს. მერი არაერთხელ გადაურჩა სერიოზული დაზიანებების მიღებას, ერთ დღეს კი კინაღამ ემსხვერპლა მეწყერს. მერის გაუმართლა, მაგრამ მისი ერთგული ძაღლი, ტრეი, რომელიც ყველა ექსპედიციაში თან დაჰყვებოდა, დაიღუპა.

მერი ენინგი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა თავის მშობლიურ ქალაქში. მისი ნეკროლოგი გამოქვეყნდა გეოლოგიური საზოგადოების ყოველკვარტლურ ჟურნალში. ეს ის ორგანიზაციიაა, რომელიც მას მერე კიდევ 57 წლის განმავლობაში ახლოს არ იკარებდა ქალებს. როგორც ჩანს, მერის ბოლომდე უგულვებელყოფა მაინც ვერ შეძლეს, ის ხომ ყველა დროის ყველაზე მნიშვნელოვანი გეოლოგიური აღმოჩენების ავტორი იყო.

. . .

სტატია მომზადებულია პროექტის “გზაზე ერთი ქალი მოდიოდა” ფარგლებში

პროექტს ახორციელებს სოციალური შუქნიშანი
პროექტი ხორციელდება “ქალთა ფონდი საქართველოში” ფინანსური მხარდაჭერით

გზაზე ერთი ქალი მოდიოდა, პროექტები, სამზარეულოდან გამოსული ამბები

ქალის პირადი ცხოვრება

როგორ აღმოჩნდნენ ერთ პოდკასტში მარიტა და კოლხი მედეა ერთად?
არის თუ არა ქალის პირადი ცხოვრება მისი პირადი?
შესაძლებელია თუ არა, რომ გენდერულმა სტერეოტიპებმა და ტრადიციულმა დამოკიდებულებებმა წაახალისოს ძალადობა?
 
დაგვიგდეთ ყური 10 წუთით და ერთად გავცეთ პასუხი ამ კითხვებს, ან დავსვათ კიდევ უფრო მეტი კითხვა.
ნუ დაგავიწყდებათ, რომ ზოგი ტრადიციული ნორმა მხოლოდ მას მერე იცვლება, რაც საზოგადოება დაიწყებს მის განხილვასა და გადახედვას.
 
#მარიტა #ევრიპიდე #მედეა #გენდერულითანასწორობა #ტრადიციები #სელექციურიაბორტი #ღალატი #პირადიცხოვრება
#16დღიანიკამპანია
#ძალადობისწინააღმდეგ #ქალთამიმართძალადობისწინააღმდეგ
#დავძლიოთძალადობა #საერთოსაქმეა #HearMeToo #orangetheworld #16days
 
#სამზარეულოდანგამოსულიამბები
 
➡️ პროექტს ახორციელებს სოციალური შუქნიშანი
 
პროექტი ხორციელდება “ქალთა ფონდი საქართველოში” ფინანსური მხარდაჭერით”.
Women’s Fund in Georgia
 
პროექტის მედია მხარდამჭერები: რადიო თბილისი / FM 93.5 / Radio Tbilisi და რადიო ჰერეთი FM102.8/Radio Hereti