ნამდვილი ამბები აზარტის ლაბირინთიდან

ნუ შეგრცხვება პრობლემის აღიარება

დაახლოებით რვა წლის წინ დავიწყე თამაში და ვერც კი ვხვდებოდი, რო უფსკრულისკენ მივდიოდი და ცხოვრებას ვინგრევდი. ვატყუებდი ყველას, მათ შორის ჩემ თავსაც რო ეს პრობლემა არ იყო ჩემთვის და უბრალოდ ვერთობოდი, ამ დროს კი ვალი ვალს ემატებოდა და ტყუილი ტყუილს. თამაშის დაწყებიდან მეოთხე წელს გაიგეს ოჯახის წევრებმაც ჩემი მდგომარეობა და ძალიან შემრცხვა. ისეთ მდგონარეობაში აღმოვჩნდი, რო თავის მოკვლაც კი მინდოდა, მაგრამ გადავწყვიტე შეცდომების გამოსწორება და ფეხზე დადგომა. გამომივიდა კიდეც, სანამ სმს არ მივიღე ლიდერბეთიდან, თურმე ახალ რეგისტრაციაზე 5 ლარს ჩუქნიდნენ და რატომღაც ცუდიც ვერაფერი დავინახე ამაში და აქ უკვე მეორედ დამეწყო პრობლემა და ისევ დავიწყე ვალების აღება. აქ უკვე ვხვდებოდი, რო არ უნდა მეთამაშა, მაგრამ უაზრო შიშებმა რო ისევ არავის გაეგო და არ დამეკარგა საყვარელი ხალხი, ისევ 3 წლის წინადელ პოზიციაზე დამაყენა. რა თქმა უნდა კიდე ყველამ გაიგო, რო ვთამაშობდი (ეს უბრალოდ დროის ამბავია, თუ თამაშს აგრძელებ, პრობლემა ყოველთვის თან გექნება და აუცილებლად გაიგებს ყველა). მადლობა ღმერთს, რო ისევ დავანებე თამაშს თავი და აქ უკვე სმს-ით ვერცერთი აზარტული კომპანია ვეღარ მომატყუებს, რო რამეს მაჩუქებენ იქ თუ შევალ (დღეში მინიმუმ 10 სმს მომდის, რო თურმე გავმდიდრდები, ცხოვრებას ავიწყობ, მაგრამ ტყუილად წვალობენ 😉).

მინდა ყველას ვურჩიო, ვინც ისევ ამ ჭაობშია, შეეშვით თამაშს, იყავით ლაღები თქვენ თავთანაც და ახლობლებთანაც. არავინ მოგატყუოოთ, რო ამ გზით გამდიდრდებით. უბრალოდ გადააგდეთ ეს ავადმყოფობა და სულ მალე მიხვდებით, რა არის ცხოვრება, რა არის სიმდიდრე და ნუ შეგრცხვებათ პრობლემის აღიარება. თამაშობ? ესე იგი დახმარება გჭირდება.

 

#დამოკიდებულების_დაძლევა_შესაძლებელია

 

გაგვიზიარეთ საკუთარი ამბავი სრულიად ანონიმურად (მიჰყევით ბმულს)

ნამდვილი ამბები აზარტის ლაბირინთიდან

მთელი გულით მინდა, რომ აღარასდროს ითამაშოს

რამდენიმე წელია რაც გავიგე, რომ ჩემი ოჯახის წევრი თამაშობს. თავიდან ოჯახში მხოლოდ მე ვიცოდი. იმის შიშით, რომ სხვებს ძალიან არ ენერვიულათ, არაფერი მითქვამს და ვეცადე დავხმარებოდი. რაც კი დანაზოგი მქონდა მივეცი, ვალების გადახდაში დავეხმარე. შემპირდა, რომ აღარ ითამაშებდა და ვიფიქრე, ჩვენი პრომლემა აქ დამთავრდებოდა. თუმცა თამაშის შეწყვეტა მარტივი არ აღმოჩნდა. როდესაც გავიგე, რომ კიდევ ითამაშა და ისევ ვალები ჰქონდა, საშინლად გავბრაზდი, იმდენად, რომ მეგონა, აღარც კი მიყვარდა. ოჯახის სხვა წევრებმაც გაიგეს…. არც კი მინდა იმ პერიოდის გახსენება…. სიტუაცია ოდნავ რომ დაწყნარდა, ისევ ვცადეთ მისთვის ფინანსური პრობლემების მოგვარება. დანაზოგი აღარ მქონდა, სამაგიეროდ, ბანკიდან გამოვიტანე ფული. რაღაც პერიოდი ისევ მეგონა, რომ ეს ისტორია უბრალოდ ცუდი სიზმარი იყო. თუმცა სამწუხაროდ, არაუკანასკნელი. პრობლემა ისევ განმეორდა. ამჯერად ვეცადე გავცნობოდი სხვადასხვა ლიტერატურას აზატული თამაშების შესახებ. მივხვდი, რომ მას ნამდვილად სჭირდებოდა ჩემი მხარდაჭერა, ოღონდ არა ფინანსური. სწორედ ამიტომ მას ფინანსურად აღარ დავხმარებივარ, ვეცადე მიმეხვედრებინა რეალურად რა იყო მისი პრობლემა, ვურჩიე ფსიქოლოგი. ოჯახის წევრები ვეხმარებით ფინანსების კონტროლში, დავაბლოკინეთ ყველა ის საიტი, რომლითაც თამაშობდა. ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. თუმცა, მაინც მუდმივად მაქვს შიში და არასტაბილურობის განცდა, სულ მგონია, რომ მატყუებენ. ვხვდები, რომ მეც მჭირდება დახმარება. მთელი გულით მინდა, რომ აღარასდროს ითამაშოს.

გაგვიზიარეთ საკუთარი ამბავი სრულიად ანონიმურად (მიჰყევით ბმულს)

ნამდვილი ამბები აზარტის ლაბირინთიდან

დროა, ჯერ კიდევ არის დრო

რას უპასუხებ საკუთარ თავს ათი, ოცი, ოცდაათი წლის შემდეგ? ეს “თამაში” ჯანმრთელობას გინგრევს, განადგურებს ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად. როგორ იცხოვრე? რაში დაკარგე დრო, რომელსაც ვეღარასოდეს დაიბრუნებ უკან?  ყველაფრის თავიდან დაწყება შეიძლება, ვალების გადახდაც, ფეხზე დადგომაც, ყველაფრის, მაგრამ დროს, დროს ხომ ვერასოდეს აინაზღაურებ? ვერასოდეს დაიბრუნებ იმ ადამიანებს, რომლებსაც კარგავ, სანამ “თამაშობ”. თამაშობ კარგ ადამიანს, თამაშობ კარგ მეგობარს, კარგ შვილს, კარგ ძმას, კარგ თანამშრომელს, თამაშობ იმისთვის, რომ “ითამაშო” და ითამაშო იმისთვის რომ…. რისთვის? რისთვის? პასუხი მაინც გაქვს ამ ყველაფერზე? რა არის შენი მიზანი…რის მიღწევას ცდილობ? გინდა ყველას დაეხმარო არა? გინდა ყველას გვერდში დგომა შეგეძლოს? ტყუილია, უბრალოდ დამოკიდებული ხარ, დამონებული ხარ… ეს უბრალოდ კეთილშობილური მიზეზია, გამართლება, გამართლება იმისთვის, რომ ითამაშო… არ უნდა ამას ბევრი მიკიბვ-მოკიბვა, ბევრი ლაპარაკი, არანაირი გამართლება, არავის დასახმარებლად არ თამაშობ, თამაშობ იმიტომ, რომ პრობლემა გაქვს, თამაშობ იმიტომ, რომ სხვა ყველაფერს აზრი დაუკარგე, დაუკარგე ტყუილით, დაუკარგე თამაშით. ვინმეს დახმარება გინდოდა? თითოეულ ლარს, რომელსაც აგებდი, თითო პურის ყიდვა შეეძლო მათთვის, ვისაც შია, ჭიქა წყლის მიწოდება შეგეძლო ბოლოს და ბოლოს, ან ქუჩაზე გადაყვანა შეგეძლო ვინმესი, სანამ იჯექი და თამაშობდი. მეგობართან ლაპარაკი შეგეძლო, სანამ იჯექი და თამაშობდი, სანამ უზრუნველი მომავლისთვის თამაშობდი! უზრუნველი მომავალი გინდოდა? რა აქვს საზრუნავი ადამიანს, რომელმაც ყველა მეგობარი დაკარგა, რომელსაც სიყვარულის უნარი აღარ შერჩა, რომელსაც აღარავინ ენდობა? ესეც შენი უზრუნველი მომავალი… ან ახლა, ამ წერილს რომ წერ, რისთვის წერ? გინდა ვინმემ გითხრას, რომ არაუშავს? ქენჯნა გინდა მოიშორო? თავი გინდა ვინმეს შეაცოდო? ეს ხომ დიდებულად გამოგდის! მშიშარა ხარ, აღიარებითაც იმიტომ აღიარებ, რომ უკეთესად დაიმალო! რას ემალები? საკუთარ ცხოვრებას ემალები? სიცოცხლეს ემალები? დროა, ჯერ კიდევ არის დრო, ყველაფერი შეცვალო და უნდა შეცვალო კიდეც… მათთვის, ვისი დაკარგვაც ყველაზე მეტად გატკენს გულს.

 

#აზარტის_ლაბირინთი    #ნამდვილი_ამბები    #დამოკიდებულების_დაძლევა_შესაძლებელია

 

გაგვიზიარეთ საკუთარი ამბავი სრულიად ანონიმურად (მიჰყევით ბმულს)

 

ნამდვილი ამბები აზარტის ლაბირინთიდან

უნდა შევწყვიტო თამაში!

ერთ დღესაც იღვიძებ და წარმოდგენა არ გაქვს, როგორ უნდა გააგრძელო ცხოვრება. რა აზრი აქვს სიცოცხლეს, რისთვის გადიხარ სახლიდან… ის, რაც უწყინარი გართობა იყო ბავშვობაში, ტანჯვად იქცა. მაშინ ჩვეულებრივი ამბავი იყო, 12-13 წლის ბიჭები ტოტალიზატორში. არადა, ყველაფერს ავცდი, ნარკოტიკს, კრიმინალს, უამრავი მაგალითი მქონდა თვალწინ, როგორ ინგრევდნენ ცხოვრებას ცოტა უფროსი უბნელები. სულ ვფიქრობდი, როგორ შეიძლება აქამდე მიიყვანო საქმე-მეთქი, და ახლა ვზივარ, ყელამდე პრობლემებში, დაღლილი, აზრდაკარგული და ვერაფრით, ვერაფრით დამიჯერებია, რომ ეს ნამდვილად ხდება, რომ ნამდვილად ასე დავანგრიე საკუთარი ცხოვრება, ჯანმრთელობა. აღარაფერზე  მყოფნის მოთმინება, არაფერი მიხარია, თვითონ თამაშიც აღარ მახარებს, ეს რაღაც უაზრო მოთხოვნილების დაკმაყოფილებად იქცა, არც ვიცი რისთვის, რატომ… ვერ ვიჯერებ, რომ ყველაზე ახლობელი ადამიანი შემიძლია მოვატყუო, ვერ ვიჯერებ რომ დღე და ღამე შემიძლია ვიშრომო და ყველაფერი ასე გავატანო ქარს… არ შეიძლება ასე გაგრძელება.  არ შეიძლება საკუთარ თავს ესე ექცეოდეს ადამიანი, საკუთარ თავს და ყველაზე ძვირფას ადამიანებს. თამაში უნდა შევწყვიტო და ცხოვრება გავაგრძელო!

 

#დამოკიდებულების_დაძლევა_შესაძლებელია

 

გაგვიზიარეთ საკუთარი ამბავი სრულიად ანონიმურად (მიჰყევით ბმულს)