ახალი ამბები

შეხვედრა ლევან გოგიჩაიშვილთან

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა! სოციალური შუქნიშნის დამფუძნებლები შევხვდით პარლამენტარ ლევან გოგიჩაიშვილს, რომელიც მუშაობს კანონზე აზარტული თამაშების რეგულირების შესახებ. მას გავაცანით ჩვენი პეტიცია და აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვის ჩვენეული ხედვა. შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა, ბატონი ლევანი დაინტერესდა აღნიშნული ინფორმაციით და დაგვპირდა, რომ ამ საკითხს განიხილავენ კანონპროექტის დამუშავების პროცესში. ვფიქრობთ, ეს დიდი მიღწევაა!

🚦სოციალური შუქნიშანი აქტიურად აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას და ადვოკატობის პროცესს. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი, განსაკუთრებით კი არასრულწლოვნები, გახდნენ თამაშდამოკიდებულნი.

აქტივიზმი, ახალი ამბები

რას წავიკითხავთ ბლოგზე

საინიციატივო ჯგუფი “სოციალური შუქნიშანი”,  მიიჩნევს, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება საზოგადოების დიდი ნაწილისთვის პრობლემური საკითხია და ამიტომ აქტიურად მუშაობს აღნიშნული პრობლემის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გარშემო უამრავი ადამიანია, ვისაც აზარტული თამაშები ყოველდღიურად უქმნის პრობლემებს, ამ საკითხს არ ექცევა სათანადო ყურადღება.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა აზარტული თამაშების შესახებ არასათანადო ცოდნაა. საზოგადოების დიდი ნაწილი აზარტულ თამაშებს არ მიიჩნევს საფრთხედ, ხოლო იმ ნაწილმა, რომელიც აღიარებს აზარტული თამაშების მავნებლობას, არ იცის, როგორ შეიძლება ამ ყველაფრისგან თავის დაღწევა.

აზარტული თამაშები არა მხოლოდ საქართველოში წარმოადგენს პრობლემას. კარგი ამბავი ისაა, რომ ქვეყნებმა, რომლებმაც დიდი ხნის წინ აღიარეს პრობლემა, მასთან გამკლავების გზებიც შეიმუშავეს. მეორე კარგი ამბავი კი ისაა, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება დაძლევადია. აზარტული თამაშების გამო წარმოშობილი პრობლემების მოგვარებაც და გამოსწორებაც შესაძლებელია. მთავარია სწორი და დროული მოქმედება.

ჩვენს ბლოგზე შემოგთავაზებთ პროფესიონალების მიერ შექმნილი გზამკვლევებისა და სტატიების თარგმანებს, თამაშდამოკიდებულებისგან თავის დაღწევის გზებს, რჩევებს, მეთოდებს.

მოგიყვებით, რა არის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, თამაშდამოკიდებულების რა სტადიები არსებობს, გაგაცნობთ თამაშდამოკიდებულების ამოცნობის მეთოდებს, მოგიყვებით, რატომ შევქმენით პეტიცია აზარტული თამაშების რეკლამირების რეგულაციების მოთხოვნით, მოგიყვებით რა საფრთხეს შეიცავს აზარტული თამაშებით “უვნებელი გართობა”, რა საფრთხეს შეიცავს რეკლამა და ვისთვის…

ამას გარდა, ჩვენ გაგიზიარებთ ნამდვილ ამბებს რეალური ადამიანების შესახებ, ვისაც აზარტული თამაშების გამო შეექმნა პრობლემა, მოგიყვებით ადამიანებზე, ვინც დამოკიდებულება დაამარცხა.

ერთად გავიკვლიოთ გზა აზარტის ლაბირინთში!

 

თქვენი საკუთარი ამბების ჩვენთვის გაზიარება შეგიძლიათ სრულიად ანონიმურად (დააჭირეთ აქ)