აზარტული მოთამაშეების ოჯახებისთვის

რჩევები აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების ოჯახებს

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ნეგატიურ გავლენას მხოლოდ მოთამაშეზე არ ახდენს.  როგორც წესი, პრობლემური მოთამაშე მის ირგვლივ მყოფი ადამიანების ცხოვრების რიტმსაც ცვლის და მისი თამაშდამოკიდებულება მათ ყოველდღიურობაზეც უარყოფითად აისახება.

თუკი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებით გამოწვეულმა პრობლემებმა თქვენს ცხოვრებაშიც მოახერხა შემოჭრა და გსურთ, ამ რთული ვითარებიდან თავის დასაღწევად  გზა მონახოთ,  ეს ბლოგი თქვენთვისაა.

სამწუხაროდ, მსოფლიოს მასშტაბით, ყოველდღიურად მილიონობით ადამიანს უწევს კითხვის დასმა, როგორ დაეხმარონ მათ ახლობელ ადამიანებს, რომლებიც თამაშზე არიან დამოკიდებულნი. მიუხედავად ასეთი ინტერესისა, აღნიშნული პრობლემების დაძლევის ერთი მზა რეცეპტი არ არსებობს. თუმცა, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც მრავალი ადამიანის პირადი გამოცდილებისა და პროფესიონალების კვლევების შედეგად შეიკრიბა:

  1. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანს ვერ აიძულებთ თავი დაანებოს აზარტულ თამაშებს. თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ, რომ მან თავად გაიაზროს პრობლემა და მიიღოს გადაწყვეტილება – იბრძოლოს დამოკიდებულების დასაძლევად.
  2. დამოკიდებულების დაძლევის პროცესი რთულია და მხოლოდ მიღებული გადაწყვეტილება ხშირად არ არის საკმარისი, საჭიროა მუშაობა საკუთარ თავზე. ამ პროცესში კი ოჯახის და საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.
  3. აუხსენით, თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს მათი თამაშდამოკიდებულება თქვენს ცხოვრებაზე.
  4. ალბათ გაბრაზებული ხართ, თუმცა ეცადეთ, საუბრისთვის მშვიდი ტონი შეარჩიოთ და ხშირად გამოიყენოთ “მე” შეტყობინება. მაგ: “მე ძალიან დაუცველად ვგრძნობ თავს, როდესაც შენ აზარტულ თამაშებს თამაშობ. გთხოვ,  აღარ ითამაშო!”, “მე გული მტკივა, როდესაც შენ ჩემ მოტყუებას ცდილობ. გთხოვ,  გულწრფელად მომიყევი შენი პრობლემის შესახებ”.
  5. აგრძნობინეთ, რომ თქვენ მის დახმარებას ცდილობთ.
  6. მხარი დაუჭირეთ ბრძოლაში, თუმცა გახსოვდეთ, რომ თქვენ არ უნდა ზიდოთ ამ პროცესის მთელი ტვირთი. შეგიძლიათ უთხრათ: “მე ამ გზას შენს ნაცვლად ვერ გავივლი, თუმცა შემიძლია, მთელი გზის მანძილზე შენ გვერდით ვიყო”.
  7. არ დაეხმაროთ ტყუილში (ხშირად პრობლემის შესახებ ოჯახის წევრები ნაწილ-ნაწილ იგებენ და ცდილობენ ოჯახის სხვა წევრებს დაუმალონ, რათა ნერვიულობა ააცილონ თავიდან, ამ დროს კი, თავისდაუნებურად, მოთამაშეს ტყუილში ეხმარებიან).
  8. არ ასესხოთ ფული, არ გადაიხადოთ მისი ვალები. ხელი შეუწყვეთ, რომ საკუთარ ქმედებებს პასუხისმგებლობით მოეკიდოს. მის ნაცვლად ნუ აიღებთ პასუხისმგებლობას.  ნუ ეცდებით, დაიცვათ ის საკუთარი საქციელის შედეგებისგან.
  9. შეეცადეთ, არ ჰქონდეს წვდომა თქვენს პირად მონაცემებზე (პირად ნომერზე, სხვადასხვა საიტების პაროლებზე, პინ კოდებზე, ონლაინ საბანკო ანგარიშზე და ა.შ).
  10. თუკი ეს მისი სურვილიც იქნება, დაეხმარეთ ფინანსების განკარგვაში.

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების დაძლევა საკმაოდ შრომატევადი პროცესია და შეიძლება პროფესიონალების დახმარება დაგჭირდეთ. არ მოგერიდოთ, ამაში სამარცხვინო არაფერია.

და რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ საკუთარ თავზე ზრუნვა.