აზარტული მოთამაშეებისთვის

როდის იწყება დამოკიდებულება?

ხმამაღლა თუ ფარულად თითქმის ყველა აღიარებს, რომ  ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთ მწვავე პრობლემას აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება წარმოადგენს.

რიგ შემთხვევებში აზარტული თამაში შესაძლოა მართლაც მხოლოდ თამაში იყოს, გართობის ფორმა, რომელსაც ზიანი არ მოაქვს. თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად თამაში შესაძლოა გაპრობლემდეს და დამოკიდებულებაში გადაიზარდოს. როგორც სპეციალისტები გვირჩევენ, როდესაც გართობა წყდება, უნდა შეჩერდე.

ამ პოსტში შემოგთავაზებთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, რომლის ცოდნაც დაგეხმარებათ:

იმისთვის, რომ მოთამაშე პრობლემურ მოთამაშედ  ჩაითვალოს აუცილებელი არ არის   ყოველდღე თამაშობდეს.

თამაში პრობლემურია, როდესაც ის პრობლემებს იწვევს.

ვიღაცისთვის შესაძლოა ეს მალევე აისახოს ფინანსურ მდგომარეობაზე, სხვისთვის კი შესაძლოა გამოიხატოს თამაშში დახარჯული დიდი დროით, ურთიერთობების არევით და სხვ.

შენი თამაში პრობლემურია, თუ: შენს თამაშთან დაკავშირებით გიწევს ტყუილის თქმა. ან გიჭირს საკუთარი თამაშის კონტროლი,

რაც გამოიხატება შემდეგში:

1. როდესაც თამაშს იწყებ, გიჭირს შეწყვეტა,

2. თამაშობ მანამდე, ვიდრე უკანასკნელ ლარს არ წააგებ,

3. იღებ ვალს თამაშისთვის,

4. ცდილობ წაგებული თანხის ამოგებას. თამაშობ მაშინაც კი, როდესაც ფული არ გაქვს. ეძებ გზებს სათამაშოდ ფულის საშოვნელად.

5. შენი ოჯახის წევრები და მეგობრები ნერვიულობენ შენი თამაშის გამო.

გახსოვდეს, პრობლემური მოთამაშეები ხშირად თავს იტყუებენ და არ აღიარებენ პრობლემას! ამიტომ კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრდი, შესაძლოა თუ არა, რომ შენი თამაში თამაშის და გართობის საზღვარს გასცდა?

პირველივე, უმცირესი ნიშნების აღმოჩენისას, რომ თამაში შესაძლოა პრობლემური ან უკონტროლო ხდებოდეს, გამოუტყდი საკუთარ თავს და დაიწყე დამოკიდებულებასთან გამკლავება.

 

ასევე წაიკითხეთ: რამდენიმე პრაქტიკული რჩევა თამაშდამოკიდებულების დასაძლევად. თამაშის ელემენტები

რამდენიმე პრაქტიკული რჩევა თამაშდამოკიდებულების დასაძლევად. ახლობლების როლი და დახმარება.

მათთვის ვინც თამაშობს

 

 

 

აზარტული მოთამაშეებისთვის

რამდენიმე პრაქტიკული რჩევა თამაშდამოკიდებულების დასაძლევად

თამაშდამოკიდებულების დაძლევა შესაძლებელია! 

შენ შეგიძლია აღადგინო გაფუჭებული ურთიერთობები, გამოასწორო არეული ფინანსური მდგომარეობა და დაიბრუნო კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე. ამისთვის უამრავი გზა და მეთოდი არსებობს.

პირველი ნაბიჯი, აღიარე პრობლემა!

იმისთვის, რომ ყველაფერმა დალაგება დაიწყოს, აუცილებელია აღიარო. აღიარო საკუთარ თავთან და ახლობლებლებთან, რადგან მათი დახმარება დაგჭირდება.

მეორე ნაბიჯი, მოძებნე მხარდამჭერი. ნუ ეცდები ეს გზა მარტომ გაიარო!  

პრობლემის აღიარება და დახმარების თხოვნა სისუსტეს არ ნიშნავს. თუმცა გახსოვდეს, რომ ახლობლებისგან დახმარების თხოვნა მათთვის ფულის თხოვნას არ ნიშნავს. თამაშდამოკიდებულების დაძლევის პროცესში აუცილებელია ახლობლებისგან მორალური მხარდაჭერა. როგორც შენი, ასევე შენი ახლობლებისთვის დამოკიდებულების დაძლევის პროცესი საკმაოდ შრომატევადი შეიძლება იყოს. თუმცა ეს გზა მარტომ არ უნდა გაიაროთ არც შენ, არც მათ.

მესამე ნაბიჯი, დაიწყე ფინანსური პრობლემების მოგვარება

როდესაც პრობლემური მოთამაშე ოჯახის წევრებს უმალავს საკუთარ ვალებსა და ფინანსურ მდგომარეობას, ეს მას ემოციური წნეხის ქვეშ ამყოფებს, რამაც შესაძლოა ისევ ხელახლა უბიძგოს თამაშისკენ. მნიშვნელოვანია, რომ ოჯახმა იცოდეს ყველა იმ ფინანსური პრობლემის შესახებ, რომელიც გაქვს.

ღიად და გულახდილად შეაჯამე და დათვალე შენი ვალი და შემოსავალი (თუ ამ ეტაპზე არ მუშაობ, ეცადე დაიწყო სამსახური, რომელშიც ფულთან შეხება არ გექნება). ჩამოწერე, ვისი და რამდენი გმართებს, და შენი შემოსავლის შესაბამისად შეიმუშავე ფინანსური გეგმა. ამ პროცესში შეიძლება დაგჭირდეს მევალეებთან კონტაქტიც, რათა მათ შეუთახმდე ვალის დაფარვის გრაფიკზე.

რეკომენდებულია, თამაშდამოკიდებულების დაძლევის პროცესში ფინანსების განკარგვაში გეხმარებოდეს სანდო ადამიანი და პირდაპირი წვდომა არ გქონდეს ფულთან.

გახსოვდეთ! ვალი შენი შრომით გამომუშავებული თანხით უნდა დაფარო. 

ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელსაც მოთამაშეები უშვებენ წაგებული თანხის დევნა ან ვალების დასაფარად საჭირო ფულის თამაშით  მოგების მცდელობაა, რაც როგორც წესი კიდევ უფრო ბევრი ვალით სრულდება. 

 

 

აზარტული მოთამაშეებისთვის

რამდენიმე პრაქტიკული რჩევა თამაშდამოკიდებულების დასაძლევად. თამაშის ელემენტები

როგორც არაერთხელ აღგვინიშნავს (და კიდევ გავიმეორებთ, რადგან Repetitio est mater studiorum ანუ გამეორება ცოდნის დედაა), პრობლემის დაძლევის პირველი, მთავარი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი აღიარებაა. 

ძალიან დიდი გამბედაობა და ძალა სჭირდება იმის აღიარებას, რომ თამაშთან დაკავშირებული პრობლემები გაქვს ანუ პრობლემური მოთამაშე ხარ. განსაკუთრებით ძნელია ამის გააზრება და აღიარება მაშინ, როდესაც გიწევს თვალი გაუსწორო დიდ ვალებს, დაკარგულ დიდ თანხებს თუ დროს, გაფუჭებულ ურთიერთობებს და ა.შ. მაგრამ სასოწარკვეთილებაში ნუ ჩავარდებით. თქვენს მდგომარეობაში ბევრი სხვაც ყოფილა და მათ შეძლეს თამაშდამოკიდებულების გადალახვა, დაალაგეს საკუთარი ცხოვრება და დაიბრუნეს ცხოვრების ნორმალური რიტმი. თუ მათ შეძლეს, შენც შეძლებ! იმისთვის, რომ ყველაფერმა დაიწყოს დალაგება, აუცილებელია აღიარო. აღიარო საკუთარ თავთან და ახლობლებლებთან, რადგან მათი დახმარება დაგჭირდება. გახსოვდეს, ნუ ეცდები ეს გზა მარტომ გაიარო! (ახლობლების როლისა და დახმარების შესახებ იხ.)

 

მას შემდეგ, რაც პირველი ნაბიჯი გადადგმულია და პრობლემა აღიარებულია, იწყება მეორე ეტაპი, მოქმედება.

უნდა გახსოვდეს, რომ ამ ყველაფრიდან გამოსვლას სჭირდება დრო და ძალა.

მოიკრიბე მოთმინება და დაიწყე საკუთარი ცხოვრების დალაგება.

თამაშისთვის თავის დანებების ერთ-ერთი გზა თამაშისთვის საჭირო კომპონენტების მოშორება და მათი ჯანსაღი ალტერნატივებით ჩანაცვლებაა. თამაშის ელემენტებად მოაზრება: გადაწყვეტილება, ფული, დრო, თამაში.

გადაწყვეტილება: როგორც კი თამაშის სურვილს იგრძნობ, მიატოვე ყველაფერი, რასაც აკეთებ და სასწრაფოდ დაურეკე შენს მხარდამჭერს. გაიხსენე, რა უარყოფითი შედეგები მოსდევს შენს თამაშს. უთხარი საკუთარ თავს, რომ შეწყვიტოს თამაშზე ფიქრი. სასწრაფოდ დაკავდი რაიმე აქტივობით.

დრო: ნებისმიერი ფორმით თამაშისთვის, იქნება ეს ფიზიკურად სადმე მისვლა თუ ონლაინ თამაში, საჭიროა დრო. დაგეგმე საკუთარი დღეები ისე, რომ არ დაიტოვო თავისუფალი დრო თამაშისთვის. მაქსიმალურად დაიტვირთე სხვა აქტივობებით, ისეთით, რასაც კავშირი არ აქვს თამაშთან.

ფული: აზარტული თამაშისთვის საჭიროა ფული. მაქსიმალურად შეზღუდე ფულთან ურთიერთობა. ბარათები და თანხა ჩააბარე სანდო ადამიანს, ბანკში ჩართე ავტომატური გადარიცხვები კომუნალური თუ სხვა გადასახადებისთვის, გააუქმე აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული პროფილები და ანგარიშები და მხოლოდ მცირედი ნაღდი ფული დაიტოვე ყოველდღიური აუცილებელი საჭიროებებისთვის.

თამაში: ნუ მიუშვებ საკუთარ თავს საცდურთან. მოერიდე ყველა ისეთ ადგილს, სადაც შესაძლოა გეთამაშა. ტოტალიზატორებში და კაზინოებში, სადაც დადიოდი, განაცხადე, რომ გაქვს თამაშთან დაკავშირებული პრობლემა და მოითხოვე, რომ არ დაგიშვან მათ დაწესებულებაში. კომპიუტერიდან და ტელეფონიდან წაშალე აზარტული თამაშების აპლიკაციები, დაბლოკე აზარტული თამაშების საიტები.

 

აზარტული მოთამაშეებისთვის

მათთვის, ვინც თამაშობს

აზარტულ თამაშებში გამარჯვებული წინასწარ ცნობილია და ის შენ ნამდვილად არ ხარ.

ნუ დაუჯერებ რეკლამებს,  სინამდვილეში, არც იღბლის მართვა შეგიძლია, წაგებულ თანხასაც ვერ დაიბრუნებ და საერთოდაც,  ბეთმენები არ არსებობენ!

რადგან ეს პოსტი გახსენი, ალბათ უკვე გრძნობ, რომ აზარტულ თამაშებთან თამაში არ შეიძლება.

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ლაბირინთში ყოფნას ჰგავს.  თავიდან შეიძლება გეგონოს, რომ როცა მოისურვებ მაშინ მიაგნებ გამოსასვლელს, მაგრამ, რაც უფრო შორს შედიხარ, ხვდები, რომ ვერც უკან ბრუნდები და ვერც გასასვლელს პოულობ. თითქოს წრეზე დადიხარ.  სულ ერთი და იგივე პრობლემები გხვდება, თამაში, ვალები, უფულობა, თამაში, ვალები, უფულობა, თამაში… არსებობს მომენტები, როცა შეიძლება გეგონოს, რომ ჩაიკეტე და გამოსვლას ვეღარ მოახერხებ.

აზარტული თამაშების ლაბირინთიდან გასასვლელი არსებობს! თუმცა შენ მიერ დადებული თითეული ფსონი, თუნდაც წარმატებული, ამ ლაბირინთის ბილიკებს კიდევ უფრო ხლართავს და შიგ გიმწყვდევს. რამდენიმე რჩევა შეიძლება თავის გამოხსნაში დაგეხმაროს.

  1.  თუკი საკუთარ თავს უკვე გამოუტყდი, რომ შენი თამაში კარგა ხანია გასცდა გართობის სტადიას და  პრობლემად გადაიქცა, იცოდე, რომ ეს თამაშის ლაბირინთიდან თავის დასაღწევად პირველი სწორი და ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია.
  2. ვერ მოგატყუებ, ამ ლაბირინთიდან გამოსვლა არც ისე მარტივია. მით უფრო, თუ შენ გარდა არავინ იცის, რომ იქ ხარ. თეზევსიც კი ვერ დააღწევდა თავს ლაბირინთს, რომ არა არიადნეს ძაფი.  ამიტომ გაამხილე, დაელაპარაკე ვინმეს, ვისაც ენდობი, ოჯახის წევრს, მეგობარს, ფსიქოლოგს.
  3.  დაფიქრდი, რატომ და რა დროს თამაშობ. ეცადე, თამაშის ყველა შესაძლო გამომწვევი მიზეზი აირიდო.
  4. ფულთან კონტაქტი შეზღუდე, არ ატარო დიდი რაოდენობის თანხა, ფინანსების მართვაში დაიხმარე სანდო ადამიანი, რომელიც გაგიკონტროლებს ხარჯებს (ჩააბარე საკრედიტო ბარათები, ონლაინ ბანკის პაროლი და ა.შ)
  5. თამაშზე ფიქრის დაწყებისთანავე უთხარი შენს მხარდამჭერს.
  6. გააკეთე საკუთარი კალენდარი, მკაფიოდ მონიშნე ყველა დღე, რომელიც თამაშის გარეშე გაატარებ.

ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები შეიძლება ძალიან ზოგადია, თუმცა დასაწყისისთვის გამოდგება.  სამწუხაროდ,  აზარტული თამაშებისთვის თავის დაღწევის ერთი კონკრეტული რეცეპტი არ არსებობს და ამ გზაზე შეიძლება პროფესიონალების დახმარებაც დაგჭირდეს.  მართალია, საქართველოში სანთლით საძებარია პროგრამები თუ პროფესიონალები, რომლებიც აზარტული თამაშების დამოკიდებულებაზე იმუშავებენ, მაგრამ მათი პოვნა მაინც შეგიძლია თუნდაც ფსიქოთერაპიის სახლში – კამარა.

კამარა,  ოქროყანის ქუჩა 17
Call 0322 98 21 95

წარმატებები!