Uncategorized

მარია კიური – ქალი, რომელმაც ორჯერ აიღო ნობელი

იცით ვინ არის ერთადერთი პიროვნება, რომელსაც ნობელი აღებული აქვს როგორც ქიმიაში, ასევე ფიზიკაში?
იცოდით, რომ ქიმიური ელემენტები – რადიუმი და პოლონიუმი 1898 წელს აღმოაჩინეს?

➡️ მარი სკლოდოვსკა-კიურიმ თავის მეუღლესთან პიერ კიურისთან ერთად აღმოაჩინა რადიუმი და პოლონიუმი.
➡️ მარი სკლოდოვსკა-კიურიმ ორჯერ მიიღო ნობელი, 1903 წელს ფიზიკაში, 1911 წელს – ქიმიაში.
➡️ მარი პირველი ქალი იყო, ვინც ნობელიანტი გახდა.
➡️ მან პირველმა ჩაატარა კვლევა რადიაციით გამოწვეული სიმსივნეების მკურნალობის შესახებ და დააარსა მნიშვნელოვანი სამედიცინო კვლევითი ცენტრები.
➡️ რადიოაქტიური ნივთიერებების შესწავლის სფეროში იყო არაერთი მიგნების პირველაღმომჩენი.

➡️1890 – იან წლებში მარიას მიერ გაკეთებული ჩანაწერები და დოკუმენტები დღემდე სიცოცხლისთვის საშიშად ითვლება რადიოაქტიური დაბინძურების გამო. მარიას კულინარიული წიგნიც კი რადიოაქტიურია. მეცნიერის დოკუმენტები ტყვიის ყუთებში ინახება, მათ გასაცნობად კი სპეციალურ დამცავ სამოსს იცვამენ.

➡️კიურის სახელს ატარებს რამდენიმე უნივერსიტეტი, სკოლა, ონკოლოგიის ცენტრი ვარშავაში, ასტეროიდი, გეოგრაფიული ობიექტები და სხვ.

➡️ერთ-ერთი ქიმიურ ელემენტს, კიურიუმს, სახელი კიურების პატივსაცემად ეწოდა.

➡️ სიტყვა რადიოაქტიულობა კიურების წყვილმა დაამკვიდრა.

➡️ მარია კიური პარიზის უნივერსიტეტის პირველი პროფესორი ქალი გახდა.

➡️ კიურის მოსწავლეებს შორის ოთხი ნობელის პრემიის ლაურეატია. ამ ოთხიდან ერთი მარიას ქალიშვილი ირენია, მეორე კი ირენის მეუღლე და მარიას სიძე, ფრედერიკ ჟოლიო კიური.

51417733-1024x1024
Photo credit © AFP/Getty Images

პოლონელი მეცნიერი მარია სკლადოვსკაია-კიური 1867 წლის 7 ნოემბერს დაიბადა, ვარშავაში. მისი მშობლები მასწავლებლები იყვნენ. სკლადოვსკების მრავალშვილიანი ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა. 10 წლის მარიას დედა ტუბერკულოზით გარდაეცვალა, მამა კი პროპოლონური შეხედულებების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს და იძულებული გახდა, ნაკლებ ანაზღაურებაზე ემუშავა.

10 წლის ასაკშივე დაიწყო მარიამ სკოლა-ინტერნატში სიარული, შემდეგ კი გოგონათა გიმნაზია ოქროს მედალზე დაამთავრა. მარიას უმაღლესი განათლების მიღება არ შეეძლო, რადგან პოლონურ უნივერსიტეტებში იმ დროისათვის მხოლოდ კაცებს შეეძლოთ ჩარიცხვა. ამიტომ მარიამ და მისმა დამ, ბრონისლავამ იატაკქვეშა უნივერსიტეტში შესვლა გადაწყვიტეს, სადაც ქალებსაც იღებდნენ. დებმა პირობა დადეს, რომ ერთმანეთს სწავლის საფასურის გადახდაში დაეხმარებოდნენ. პირველმა უნივერსიტეტში სწავლა ბრონისლავამ დაიწყო, მარია კი აღმზრდელად მოეწყო, რომ სწავლის ფული გამოემუშავებინა. 1890 -იანი წლების დასაწყისში ბრონისლავა ცოლად გაჰყვა ექიმსა და აქტივისტს კაზემირ დლუსკის და მარია საცხოვრებლად პარიზში მიიწვია.

საფრანგეთის დედაქალაქში სწავლის გასაგრძელებლად მარიას ფული სჭირდებოდა. იგი წელიწადნახევარი მუშაობდა აღმზრდელად ვარშავაში, სწავლობდა უნივერსიტეტში და გადიოდა სტაჟირებას ლაბორატორიაში, რომელსაც მისი ბიძაშვილი, იოზეფ ბოგუსკი ხელმძღვანელობდა, დიმიტრი მენდელეევის თანაშემწე.

1891 წლის ბოლოს სკლადოვსკაია საფრანგეთში გადავიდა. პარიზში მარიამ (ფრანგები მას მარის ეძახდნენ) სხვენი იქირავა პარიზის უნივერსიტეტის სიახლოვეს, სადაც გოგონა ფიზიკას, ქიმიასა და მათემატიკას შეისწავლიდა.

პარიზული ცხოვრება რთული აღმოჩნდა: მარიას ხშირად აკლდა საკვები, შიმშილისგან გონებას კარგავდა, არ ჰქონდა საშუალება თბილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ეყიდა ზამთრისთვის. მარია დღისით სწავლობდა, საღამოობით კი მასწავლებლად მუშაობდა მიზერულ ანაზღაურებაზე. 1893 წელს მარიამ ფიზიკაში ხარისხი დაიცვა და პროფესორ გაბრიელ ლიპმანის სამრეწველო ლაბორატორიაში დაიწყო მუშაობა.

სამრეწველო ორგანიზაციის დაკვეთით მარია სხვადასხვა მეტალის მაგნიტურ თავისებურებებს შეისწავლიდა. 1893 წელსვე შეხვდა პიერ კიურის, რომელიც შემდგომში არა მხოლოდ მისი კოლეგა, არამედ მეუღლეც გახდა.

1894 წლის ზაფხულში სკლადოვსკაია ვარშავაში ჩავიდა ოჯახის მოსანახულებლად. მას ჯერ კიდევ ჰქონდა ილუზია, რომ სამშობლოში მუშაობის ნებართვას მისცემდნენ, მაგრამ გოგონას კრაკოვის უნივერსიტეტში უარი უთხრეს. ისინი სამუშაოდ მხოლოდ კაცებს იღებდნენ. სკლადოვსკაია პარიზში დაბრუნდა და დისერტაციაზე მუშაობა განაგრძო.

ვილჰელმ რენტგენისა და ანრი ბეკერელის უმნიშვნელოვანესი აღმოჩენებით შთაგონებულმა მარიამ გადაწყვიტა, ურანის სხივები შეესწავლა, როგორც დისერტაციის შესაძლო თემა. ნიმუშების შესასწავლად ცოლ-ქმარი კიური იმ დროისათვის ინოვაციურ ტექნოლოგიას იყენებდა. კვლევისთვის აუცილებელ სუბსიდიებს მეცნიერები მეტალურგიული და სამთო-მომპოვებელი კომპანიებისაგან იღებდნენ. ლაბორატორიის არქონის პირობებში, უნივერსიტეტის საკუჭნაოში, შემდეგ კი ქუჩაში მდებარე სათავსოში, ოთხ წელიწადში მეცნიერებმა 8 ტონა ურანიტიტი გადაამუშავეს.

ჩეხეთიდან ჩამოტანილ მადანზე მიმდინარე ექსპერიმენტისას მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ურანის გარდა კიდევ ერთ რადიოაქტიურ ნივთიერებასთან ჰქონდათ საქმე. მკვლევარებმა გამოავლინეს ფრაქცია, რომელიც ურანზე ბევრად უფრო რადიოაქტიური გახლდათ. 1898 წელს კიურებმა რადიუმი და პოლონიუმი აღმოაჩინეს. პოლონიუმი ელემენტს მარიას სამშობლოს პატივსაცემად ეწოდა. მეცნიერებმა არ დააპატენტეს აღმოჩენა, თუმცა ამას შეეძლო მათთვის დამატებითი შემოსავალი მოეტანა.

1898 წლიდან 1902 წლამდე კიურებმა ერთობლივად და ცალ-ცალკე 32 სამეცნიერო სტატია გამოაქვეყნეს. მათ შორის ერთ-ერთი პუბლიკაცია იუწყებოდა, რომ რადიუმის ზემოქმედების შედეგად სიმსივნური უჯრედები ჯანმრთელზე უფრო სწრაფად იშლება.

1910 წელს მარიამ და ფრანგმა მეცნიერმა ანდრე დებრენიემ წმინდა მეტალის რადიუმის მიღება მოახერხეს. 12 წლიანი ექსპერიმენტების შემდეგ მეცნიერებმა როგორც იქნა დაამტკიცეს, რომ რადიუმი თვითმყოფადი ქიმიური ელემენტია.

1903 წელს, შვედეთის სამეფო აკადემიამ კიურების წყვილი და ანრი ბეკერელი ნობელის პრემიით დააჯილდოვა ფიზიკის სფეროში, რადიაციის კვლევაში შეტანილი წვლილისთვის. თავდაპირველად კომიტეტს მხოლოდ პიერ კიურისა და ანრი ბეკერელის დაჯილდოება ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა და ქალი მეცნიერების უფლებების დამცველმა, შვედმა მათემატიკოსმა მაგნუს გუსტავ მითთაგ-ლეფლერმა გააფრთხილა პიერ კიური ამის შესახებ. პიერის მიმართვის შემდეგ, მარია დაჯილდოებულთა შორის აღმოჩნდა.

მარიას სქესის გამო დაბრკოლებები ექმნებოდა სამეცნიერო წრეებში. 1903 წელს ცოლ-ქმარი კიური ბრიტანეთის სამეფო ინსტიტუტში მიიწვიეს რადიოაქტიურობის თემაზე მოხსენების წასაკითხად, მაგრამ ქალებს ამის უფლება არ ჰქონდათ და შესაბამისად, მოხსენება მხოლოდ პიერმა წარადგინა.

მარია კიურის უარი უთხრეს საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრად არჩევაზე და მის ნაცვლად ედუარ ბრანლი აირჩიეს, გამომგონებელი, რომელიც გულიელმო მარკონის უკაბელო ტელეგრაფის შემუშავებაში დაეხმარა. ნახევარი საუკუნის შემდეგ კი (1962 წელს) მარიას სტუდენტი, მარგარიტა პერეი გახდა პირველი ქალი, რომელიც საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრად აირჩიეს.

მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, საბოლოოდ მარია კიური პირველი ქალი გახდა, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო. ჰონორარმა ცოლ-ქმარს საშუალება მისცა ლაბორანტი აეყვანათ, ლაბორატორია კი შესაბამისი აპარატურით აღეჭურვათ.

1911 წელს მარიამ ნობელის პრემია ქიმიის დარგშიც მიიღო და პირველი ადამიანი გახდა, ვინც ეს საპატიო ჯილდო ორჯერ მოიპოვა. მარიამ აგრეთვე შვიდი სხვადასხვა მედალი მიიღო სამეცნიერო აღმოჩენებისთვის.

1914 წელს პარიზში დაარსდა რადიუმის ინსტიტუტი. მარია რადიაციის მედიცინაში გამოყენების განყოფილების ხელმძღვანელი გახდა. პირველი მსოფლიო ომის წლებში დაჭრილთა სამკურნალოდ სკლადოვსკაია-კიურიმ გამოიგონა მობილური რენტგენოგრაფიული ხელსაწყოები, რომლებსაც petites Curies ანუ პატარა კიურიები შეარქვეს.

1915 წელს მარია კიურიმ შექმნა სამედიცინო ნემსები, რომლებიც „რადიუმის ემანაციას“ შეიცავდა, რადიუმისგან გამოყოფილს უფერულ, რადიოაქტიურ აირს, რომელსაც შემდგომში რადონი უწოდეს. ასეთი ნემსები ინფიცირებული ქსოვილების სტერილიზაციისთვის გამოიყენებოდა და მილიონზე მეტმა დაჭრილმა სამხედრომ წარმატებით ჩაიტარა მკურნალობის კურსი.

პირველი მსოფლიო ომის წლებში უდიდესი დამსახურების მიუხედავად, მარიას საფრანგეთის მთავრობისაგან ოფიციალური მადლობა არ მიუღია. მეტიც, ომის დაწყებიდან მალევე მარიამ სურვილი გამოთქვა, თავისი ოქროს მედლები ფრანგული არმიის დასახმარებლად შეეწირა, მაგრამ საფრანგეთის ნაციონალურმა ბანკმა მას უარი უთხრა.

 

პირადი ცხოვრება

ჯერ კიდევ აღმზრდელად მუშაობისას, მარიას შეუყვარდა დიასახლისის ვაჟი, კასიმეჟ ლორავსკი. ვაჟის მშობლები ქორწინების წინააღმდეგი აღმოჩნდნენ. კასიმეჟი მათ სურვილს წინ ვერ აღუდგა. შეყვარებულთათვის დაშორება ძალიან მძიმე აღმოჩნდა. კასიმეჟი ამას ღრმა სიბერემდე ნანობდა.

შემდეგ, მარია პიერს შეხვდა. მეცნიერებისადმი ინტერესმა გააერთიანა ახალგაზრდები და 1895 წლის ივლისში დაქორწინდნენ კიდეც. მათ უარი თქვეს რელიგიურ აღნიშვნაზე, საქორწინო კაბის ნაცვლად მარიას მუქი ლურჯი კოსტუმი ეცვა, რომელსაც მოგვიანებით ლაბორატორიაში მუშაობისას იყენებდა. ცოლ-ქმარს ორი გოგონა ეყოლა, ქიმიკოსი მეცნიერი ირენი (1897-1956) და მუსიკისა და ლიტერატურის კრიტიკოსი და მწერალი ევა (1904-2007). მარია პოლონელ აღმზრდელებს იყვანდა, გოგონებისთვის მშობლიური ენა რომ ესწავლებინათ. ასევე ხშირად გზავნიდა მათ პოლონეთში, ბაბუასთან.

პიერსა და მარიას მეცნიერების გარდა ორი საერთო ინტერესი ჰქონდათ,  მოგზაურობა და ველოსიპედებით ხანგრძლივი გასეირნებები. პიერის სახით მარიამ იპოვა სიყვარული, საუკეთესო მეგობარი და კოლეგა. თუმცა 1906 წელს პიერს ეტლი დაეჯახა. მეუღლის გარდაცვალებამ მარია ღრმა დეპრესიაში ჩააგდო. მან მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ მოახერხა მუშაობის გაგრძელება.

მოგვიანებით (1910-1911 წლებში) მარია სასიყვარულო ურთიერთობაში იმყოფებოდა პიერის ყოფილ სტუდენტთან პოლ ლანჟევენთან. პოლს გაურკვეველი ურთიერთობა ჰქონდა ცოლთან, რომელთანაც ოფიციალურად დაშორებული არ იყო. ლანჟევენის ცოლის დახმარებით პრესაში სკლადოვსკაია-კიურის წინააღმდეგ სკანდალი აგორდა. მარიას ფრანგული პრესა ისედაც გამუდმებით შეურაცხყოფდა მისი ათეიზმისა და უცხოელობის გამო, თუმცა ნობელის პრემიის მიღების შემდეგ, მას როგორც საფრანგეთის გმირს, ისე მოიხსენიებდნენ. მარია აგნოსტიკოსი მას მერე გახდა, რაც დედის გარდაცვალებიდან მალევე დაც გარდაეცვალა. ლანჟევენთან ურთიერთობის გამო აგორებული სკანდალის დროს მარია ბელგიაში იმყოფებოდა კონფერენციაზე. შინ დაბრუნებულ ქალს სახლთან გამძვინვარებული ბრბო ელოდა. მარია იძულებული გახდა, შვილებთან ერთად მეგობარ მწერალთან, კამილ მარბოსთან შეეფარებინა თავი.

როგორც აღმოჩნდა, საზოგადოება იმდენად იყო დაინტერესებული მარიას პირადი ცხოვრებით, რომ ქალის გარშემო წარმოშობილმა სკანდალმა მას კინაღამ დააკარგინა ნობელის პრემიის მიღების შანსი. მეცნიერის პირადი ცხოვრების დეტალებმა მარიას სამეცნიერო მიღწევები არა მარტო საზოგადოების თვალში გადაფარა, არამედ სამეცნიერო და აკადემიურ წრეებშიც კი და ნობელის პრემიის ლაურეატების სიიდან მისი ამოშლის მცდელობამდეც კი მიიყვანა.

მარია კიურის რეპუტაცია საფრანგეთში მას მერე აღდგა, რაც ის ომში დაჭრილ ათიათასობით ჯარისკაცს დაეხმარა.

1934 წლის 4 ივლისს, მარია კიური 66 წლის ასაკში გარდაიცვალა პასში, სანსელემოსის სანატორიუმში. გარდაცვალების მიზეზად აპლასტიური ანემია დასახელდა, რაც ექიმების აზრით ორგანიზმზე რადიაციის ხანგრძლივმა ზემოქმედებამ გამოიწვია. იონიზირებადი გამოსხივების ნეგატიური ზეგავლენის შესახებ იმ დროისათვის ცნობილი არ გახლდათ, ამიტომ ბევრ ექსპერიმენტს მარია უსაფრთხოების ნორმების დაუცველად ატარებდა. კიური კოლბებში მოთავსებულ რადიოაქტიურ იზოტოპებს ჯიბით დაატარებდა, ინახავდა თავისი მაგიდის უჯრაში. რადიაცია მარია კიურის ქრონიკული დაავადებების მიზეზი გახდა – სიცოცხლის ბოლოს თითქმის უსინათლო ქალი იტანჯებოდა თირკმელების დაავადებით, მაგრამ მას არასოდეს უფიქრია არჩეული გზიდან გადახვევაზე.

მარია კიური ქმრის, პიერ კიურის გვერდითაა დასაფლავებული. 60 წლის შემდეგ ცოლ-ქმრის ნეშტი პარიზის პანთეონში გადაასვენეს, სადაც საფრანგეთის საზოგადო მოღვაწეები განისვენებენ. მარია კიური პირველი ქალია, რომელიც საკუთარი მიღწევებისა და დამსახურებების გამო დაასაფლავეს ამ პანთეონში.

 

…..

სტატია მომზადებულია პროექტის “გზაზე ერთი ქალი მოდიოდა” ფარგლებში

პროექტს ახორციელებს სოციალური შუქნიშანი

პროექტი ხორციელდება “ქალთა ფონდი საქართველოში” ფინანსური მხარდაჭერით

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s