Uncategorized

დოროთი ქროუფუთ-ჰოჯკინი – ქალი, რომელიც კრისტალებს ხსნიდა

hodgkin-13170-portrait-mini-2x
Photo credit: the Nobel Foundation archive

დოროთი ქროუფუთ ჰოჯკინს ნობელის პრემია ქიმიის დარგში მიენიჭა 1964 წელს. პრემია მან “რენტგენის სხივების საშუალებით მნიშვნელოვანი ბიოქიმიური ნივთიერებების კრისტალური სტრუქტურის განსაზღვრისათვის” მიიღო.

დოროთის მეცნიერებით გატაცება ბავშვობაში დაიწყო, მაშინ, როდესაც გოგონას ქიმიის წიგნი ჩაუვარდა ხელში, სადაც კრისტალებთან დაკავშირებული ექსპერიმენტები იყო აღწერილი.

მან ოქსფორდის უნივერსიტეტი მაღალი აკადემიური მოსწრებით დაამთავრა, თუმცა საკუთარი სქესის გამო სამსახურის შოვნა გაუჭირდა. საბოლოოდ, მუშაობის დაწყების შანსი კემბრიჯის უნივერსიტეტში მისცა ჯ. დ. ბერნალმა. დოქტორის ხარისხი დოროთიმ სწორედ კემბრიჯის უნივერსიტეტში მიიღო.

რენტგენული დიფრაქციის მეთოდის გამოყენებით გადაღებული უამრავი ფოტოს, მათემატიკურ ანალიზისა და საფუძვლიანი კალკულაციების საშუალებით დოროთი ქროუფუთ ჰოჯკინმა შეძლო წარმატებით განესაზღვრა პენიცილინის სტრუქტურა (1964 წელი) და ვიტამინთა შორის ყველაზე რთული აგებულების B12- ის სტრუქტურა (1956 წელს). მისმა პიონერულმა ნაშრომებმა დახმარება გაუწია პროტეინების სტრუქტურის გაშიფვრას, მათ შორის, ინსულინის, რომელზეც დოროთი 30 წელიწადი მუშაობდა.

დოროთი მერი ქროუფუთ-ჰოჯკინი 1910 წლის  12 მაისს დაიბადა ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში. მამამისი, ჯონ უინთერ ქროუფუთი ინგლისური ფილოლოგიის ცნობილი სპეციალისტი და ეგვიპტის განათლების სამსახურის არქეოლოგი გახლდათ. ის ხშირად ეხმარებოდა მეუღლეს, მოყვარულ-ბიოლოგს გრეი მერის, რომელმაც სუდანის ფლორა აღწერა და კოპტური ქსოვილების ცნობილი მცოდნე იყო.

როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, თურქული არმიის მხრიდან შესაძლო თავდასხმის გამო, ოჯახმა დოროთი და მისი სამი და ინგლისსში გაგზავნა ბებიასთან, ქალაქ უორტინგში, ბრაიტონისგან რამდენიმე მილში, ლა-მანშის სანაპიროსთან. ამ დროს დოროთი 4 წლის იყო. 1918 წელს, ომის დასრულების შემდეგ, გრეი მერი ბავშვებთან ერთად ქალაქ ლინკოლნში დასახლდა. დედა სახლში ასწავლიდა გოგონებს ისტორიას, ბუნებისმეტყველებასა და ლიტერატურას. სამი წლის განმავლობაში გრეი მერი ინგლისსა და ახლო აღმოსავლეთს შორის მოგზაურობდა. ბოლოს კი ქალაქ ჰელდსტონში დასახლდა, აღმოსავლეთ სუფოლკში, სადაც ქროუფუთების წინაპრები ასწლეულების განმავლობაში ცხოვრობდნენ.

1928 წლამდე დოროთი ჯონ ლიმანის სახელობის სკოლაში დადიოდა, ბეკლესსთან ახლოს. სკოლაში გოგონა კრისტალებით დაინტერესდა, რამაც კრისტალოგრაფიის და ქიმიის უფრო სიღრმისეულად შესწავლის სურვილი გაუღვივა. ქიმიის შესწავლით, იმ დროს, როგორც წესი ბიჭები ინტერესდებოდნენ. 13 წლის ასაკში, მამის მოსანახულებლად ხართუმში მყოფმა დოროთიმ გაიცნო ა.ფ. ჯოზეფი, ქიმიკოს-ნიადაგთმცოდნე, რომელიც მას ადგილობრივი მინერალების რაოდენობრივ ანალიზში დაეხმარა. 1926 წელს დოროთის მამა იერუსალიმში არქეოლოგიის ბრიტანული სკოლის დირექტორი გახდა. სკოლის დასრულების შემდეგ ჰოჯკინი მშობლებთან გაემგზავრა პალესტინაში. ჯერაშში ბიზანტიური ტაძრების გათხრებისას იგი არქეოლოგიამ გაიტაცა, მაგრამ ამის მიუხედავად, ინგლისში დაბრუნებულმა დოროთიმ სომერვილ კოლეჯში, ოქსფორდში, ქიმიის შესწავლა დაიწყო. უ. ჰ. ბრეგის მოსწავლეებისთვის განკუთვნილ წიგნში დოროთიმ კრისტალებში რენტგენის სხივების დიფრაქციის შესახებ წაიკითხა. ბრეგი და მისი ვაჟი მაქს ფონ ლაუესთან ერთად მუშაობდნენ მეცნიერების ახალ დარგზე – რენტგენულ კრისტალოგრაფიაზე.  ლაუემ აღმოაჩინა, რომ კრისტალში გამავალი რენტგენის სხივები დიფრაქციონირების პროცესს განიცდიან და დამახასიათებელ ლაქებს ქმნიან ფოტოგრაფიულ ფირებზე. ბრეგებმა შემდგომში გვიჩვენეს, რომ ეს მონაცემები თითოეული კრისტალის შინაგან სტრუქტურას ასახავენ. რთული მათემატიკური გამოთვლების დამატებით, რენტგენოსტრუქტურული ანალიზი უმნიშვნელოვანეს მეთოდად იქცა კრისტალში მოლეკულებისა და ატომების ზომის, განლაგების და ფორმების განსაზღვრაში. დოროთი ქროუფუთ-ჰოჯკინი კრისტალოგრაფიას ჰ. მ. პოელის ხელმძღვანელობით შეისწავლიდა სომერვილში, შემდეგ კი ზაფხული გაატარა ჰაიდელბერგის ლაბორატორიაში ვიქტორ გოლდშმიტის ხელმძღვანელობით.  1932 წელს სომერვილის კოლეჯის დასრულების შემდეგ, ჰოჯკინმა მცირე კვლევითი სტიპენდია მიიღო, რამაც, დეიდის ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, საშუალება მისცა კემბრიჯის უნივერსიტეტში ემუშავა იმედისმომცემ ფიზიკოსთან, ჯ. დ. ბერნალთან ერთად. ბერნალი სტეროლის კრისტალების რენტგენოსტრუქტურული ანალიზით იყო დაკავებული (მაგალითად, ბიოლოგიურ ქსოვილებში აღმოჩენილი ქოლესტერინის), რაც ჰოჯკინისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. ორი წლის შემდეგ დოროთი სომერვილში დაბრუნდა მინერალოგიისა და კრისტალოგრაფიის განყოფილებაში და თავისი პროფესიული საქმიანობის დიდი ნაწილი სწორედ აქ გაატარა. ჰოჯკინმა ქიმიკოსი რობერტ რობინსონის დახმარებით მიღებული სუბსიდიით შეიძინა რენტგენის აპარატი და სტეროლების ანალიზი განაგრძო, განსაკუთრებით კი ქოლესტერინის იოდიდის. ამ თემაზე შესრულებული დისერტაციისთვის მას 1937 წელს დოქტორის ხარისხი მიენიჭა. უ. ჰ. ბრეგის სიტყვებით, ეს ნამუშევარი ნათელი მაგალითია, თუ როგორ აფართოებს ორგანული ქიმიის საზღვრებს ფიზიკის მეთოდების გამოყენება რთული სივრცითი სტრუქტურების განსაზღვრისას.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ ჰოჯკინმა 1928 წელს ალექსანდრ ფლემინგის მიერ აღმოჩენილი ანტიბიოტიკის – პენიცილინის შესწავლა დაიწყო, რომელიც მოგვიანებით ერნესტ ბ. ჩეინმა დახვეწა. მას დოროთი კემბრიჯში შეხვდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ამ ანტიბიოტიკზე ძალიან დიდი მოთხოვნა გაჩნდა, რადგან ის ბაქტერიებით გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენებოდა. მაგრამ ვინაიდან პენიცილინის ქიმიური სტრუქტურა თითქმის უცნობი გახლდათ, მასობრივ წარმოებასა და სინთეზირებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. ოქსფორდში, მცირე დამხმარე ჯგუფით, დოროთი ჰოჯკინი პენიცილინის შესწავლას შეუდგა რენტგენოსტრუქტურული ანალიზის მეშვეობით. პენიცილინის კრისტალებში რენტგენის სხივების სხვადასხვა კუთხით გატარებით, ჯგუფმა ნიმუშების დიფრაქცია განსაზღვრა, რომელიც ფოტოგრაფიულ ფირებზეა დაფიქსირებული, ასევე საკვანძო ატომების კრისტალურ ბადეში განლაგება. 1949 წელს IBM კომპიუტერის პროგრამების საშუალებით ჰოჯკინმა და მისმა ჯგუფმა პენიცილინის მოლეკულური სტრუქტურა განსაზღვრეს. ჯერ კიდევ პენიცილინზე მუშაობის დასრულებამდე, 1948 წელს დოროთი ჰოჯკინმა ანემიის საწინააღმდეგო ვიტამინის, B12-ის შესასწავლად რენტგენოსტრუქტურული ანალიზი გამოიყენა. სწორედ ამ დროს გახდა ხელმისაწვდომი ელექტრონული კომპიუტერები, რომელიც გამოთვლითი ოპერაციებისათვის გამოიყენებოდა. ჰოჯკინმა ვიტამინ B12-ის მოლეკულური სტრუქტურა საბოლოოდ 1957 წელს განსაზღვრა, ოქსფორდის უნივერსიტეტში რენტგენული კრისტალოგრაფიის ლექტორად დანიშვნიდან ერთი წლის თავზე. 1958 წელს სხვადასხვა აუდიტორიაში მიმოფანტული მისი ლაბორატორია უნივერსიტეტის ისტორიულ მუზეუმში გადაიტანეს, თანამედროვე შენობაში, რომელიც ქიმიის დარგისათვის აუცილებელი ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით იყო აგებული.

რენტგენული სხივების დახმარებით ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სტრუქტურის განსაზღვრისათვის ჰოჯკინმა 1964 წელს ნობელის პრემია მიიღო ქიმიის დარგში. დაჯილდოებისას შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის წევრმა, გუნარ ჰეგმა ისაუბრა ჰოჯკინის მიერ გაწეული სამუშაოს უდიდეს მნიშვნელობაზე როგორც კრისტალოგრაფიის დარგისათვის, ისე ბიოლოგიისა და ქიმიისათვის. ჰოჯკინის მეთოდები გამოიყენეს მაქს პერუცმა და ჯონ კენდრიუმ ცილების სტრუქტურის კვლევისას. მისსავე მეთოდებს იყენებდნენ როზალინდ ფრანკლინი, მორის უილკინსი, ჯეიმს უოტსონი და ფრენსის კრიკი დნმ-ის სპირალური სტრუქტურს ანალიზისას.

პროგრესირებადი ართრიტის მიუხედავად ჰოჯკინი აგრძელებდა ინსულინის  ჰორმონის შესწავლას და 1972 წელს, მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ დაასრულა Zn-ინსულინის ანალიზი. ამ რთული მოლეკულის სტრუქტურაზე მუშაობას, რომელიც 800 ატომს შეიცავს (შედარებისთვის, ვიტამინ B12-ის მოლეკულა 90 ატომისგან შედგება), ართულებდა ისიც, რომ ინსულინი რამდენიმე სხვადასხვა ფორმით კრისტალიზდება. 1960 წლიდან 1977 წლამდე ჰოჯკინს ლონდონის სამეფო საზოგადოების პროფესორ-მკვლევარის თანამდებობა ეკავა. 1977 წელს იგი ვოლფსონ კოლეჯის საბჭოს წევრად აირჩიეს ოქსფორდში. დოროთი ჰოჯკინი გახლდათ  ბრისტოლის უნივერსიტეტის საპატიო რექტორი 1970 წლიდან და პაგუოშის მოძრაობის პრეზიდენტი 1975 წლიდან.

1937 წელს დოროთი ქროუფუთი ცოლად გაჰყვა ტომას ჰოჯკინს, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის შვილს, ტომას ჰოჯკინ უფროსის შთამომავალს, რომლის სახელსაც ატარებს ლიმფური კვანძების სიმსივნე – ჰოჯკინის დაავადება. ტომას ჰოჯკინი წლების განმავლობაში გახლდათ განაში აფრიკის შემსწავლელი უნივერსიტეტის დირექტორი. ჰოჯკინებს ორი ვაჟი და ერთი გოგონა შეეძინათ.

1949 წლამდე დოროთი თავისი ქალიშვილობის გვარით, ქროუფუთით აქვეყნებდა სტატიებს, ვიდრე არ აიძულეს, რომ პენიცილინის ქიმიური კვლევებისთვის თავისი ქმრის გვარი, ჰოჯკინი გამოეყენებინა.

მრავალი ჯილდოს მფლობელი დოროთი ქროუფუთ-ჰოჯკინი გახლდათ კემბრიჯის, ჰარვარდის, ბრაუნის, ლიდსის, მანჩესტერის, სასექსის, განის, ჩიკაგოსა და სხვა უნივერსიტეტების საპატიო სამეცნიერო ხარისხის მფლობელი. ის გახდა მეორე ინგლისელი ქალი, რომელმაც „დამსახურების“ ორდენი მიიღო (1965 წელს). დაჯილდოებული იყო სამეფო მედლით, ლონდონის სამეფო საზოგადოების ოქროს მედლით და სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ლომონოსოვის სახელობის ოქროს მედლით (1982 წელს). დოროთი ჰოჯკინი გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების, ნიდერლანდების, იუგოსლავიის, განის, პუერტო – რიკოს, ავსტრალიისა და საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიების უცხოელი წევრი. ჰოჯკინი უზრუნველყოფდა საერთაშრისო კრისტალოგრაფიული კავშირის დაფინანსებას და გახლდათ ამავე ორგანიზაციის პრეზიდენტი 1972-1975 წლებში.

მიუხედავად ამი ყველაფრისა, ბრიტანული პრესისთვის დოროთი პირველ რიგში არა მეცნიერი, არამედ დიასახლისი, სამი შვილის დედა და ცოლი იყო.

ამონარიდი The Guardian-ის 2014 წლის მაისის სტატიიდან: “ჰოჯკინი დღემდე ერთადერთი ბრიტანელი ქალია, რომელსაც კი ოდესმე ნობელის პრემია აუღია მეცნიერების დარგში. ნობელი მან 1964 წელს აიღო, თუმცა ბრიტანულმა პრესამ მისი სქესის დავიწყება ვერ შეძლო. The Daily Mail წერდა: “ოქსფორდელმა დიასახლისმა ნობელი მოიგო”, ხოლო Telegraph ამგვარად აშუქებდა ამ ამბავს: “ბრიტანელი ქალი, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო – £18,750 ფუნტი სამი შვილის დედას”.  Daily Mirror-ში კი სათაური ასე ჟღერდა: “ნობელის პრემია ბრიტანელი ცოლისათვის”.

 

. . .

სტატია მომზადებულია პროექტის “გზაზე ერთი ქალი მოდიოდა” ფარგლებში

პროექტს ახორციელებს სოციალური შუქნიშანი
პროექტი ხორციელდება “ქალთა ფონდი საქართველოში” ფინანსური მხარდაჭერით

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s